პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამის მოტივად დასახელებულია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციის საკითხების შემდგომ დაზუსტებას.
„ჩვენი ამოცანაა ამ დასკვნასთან, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განვაგრძოთ საკომიტეტო სხდომაზე მსჯელობა, დავაზუსტოთ კანონპროექტთან დაკავშირებით ის საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ განვიხილოთ მესამე მოსმენით და სწორედ გასწორებული ვერსია წარმოვადგინოთ შემდეგ პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისია დელოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.
საკუთარ მოსაზრებაში კომისია ორ მიდგომას გამოყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა. ამგვარი კრიტერიუმები კი, დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა იყოს მედიის მფლობელობა, სიმდიდრე და ა.შ. და მიზნად ისახავს მათი გავლენის შემცირებას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი მოდელი აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს და მყარი გარანტიების გარეშე, შესაძლოა დაირღვეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.
ამრიგად, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ის უპირატესობას ანიჭებს უფრო სისტემურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, მათი მოსაზრებით, პერსონალური მიდგომა ზოგადად პრობლემურია, არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია.