ახალი ამბები

ჩვენ EU-ს წევრობა ღირსების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში – ბოჭორიშვილი

21 მარტი, 2023 •
ჩვენ EU-ს წევრობა ღირსების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში – ბოჭორიშვილი

„ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის. ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, დღეს, 21 მარტს, პლენარულ სხდომაზე.

ბოჭორიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, ოპოზიციამ კი კანდიდატის სტატუსი ბრძოლის იარაღად და არა მიზნად აქცია.

ბოჭორიშვილის თქმით, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას ბევრი რამ დააბრალონ, მაგრამ არა რუსობა. მისი თქმით, ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს.

„ღალატი არის ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ – შეგნებულად ლობირებთ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ თქვენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანაშაულია, რასაც ვაშაძე და მისი კომპანია აკეთებს დღეს ბრიუსელში. დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტებისთვის და ზოგადად საკანონმდებლო პროცესისთვის. დანაშაულია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ეძახით რუსულს და ამით ისეთი პროცესების გამოწვევა გსურთ, რაც ქვეყანას არათუ ევროპულ მომავალს დააკარგვინებს, არამედ არსებობა შეიძლება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი