ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, პრაქტიკულად, იგივე წერია, რასაც NGO-ები ამბობენ — კობახიძე

21 მარტი, 2023 • 704
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, პრაქტიკულად, იგივე წერია, რასაც NGO-ები ამბობენ — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები ერთი და იგივეა.

მისი თქმით, პრაქტიკულად, შეუძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გამიჯვნა.

“გავეცნობით ანგარიშს. სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია.

რეალურად, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები. შესაბამისად, ჩვენ აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ორი მიმართულების განცხადებებს შორის. ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 მარტს გამოაქვეყნა ანგარიში 2022 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

57-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია გასულ წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ქვეთავში საუბარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი