ახალი ამბები

„სამყარო III მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეა“ — ღარიბაშვილის პასუხი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

21 მარტი, 2023 • 1223
„სამყარო III მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეა“ — ღარიბაშვილის პასუხი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ აფასებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ და ამბობს, რომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას.

„ჯერ ერთი, ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. მეორე და მთავარი —  დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითიდღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და ესკალაციას.

ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, — განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეეხებოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ პასუხობენ კითხვას, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტში, რომელიც არ გახლავთ სასამართლო, მაგრამ საქართველოს რაც შეუძლია, ეს არის, რომ მიმართოს იმ ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთ საკითხებს ადგენს“, — განაცხადა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

„სამხედრო დამნაშავეა, შეაგინე პუტინს, ამით გამოხატე შენი პოლიტიკური დამოკიდებულება – ეს ის თამაშებია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ბუნტი გამოიწვიონ და პრორუსულობა ვიღაცას დააბრალონ და ა.შ.“, – ასე უპასუხა, თავის მხრივ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი კითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 16 ათას ბავშვზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი