ახალი ამბები

პაპუაშვილი პირდაპირ ვერ პასუხობს, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

20 მარტი, 2023 • 1094
პაპუაშვილი პირდაპირ ვერ პასუხობს, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირდაპირ ვერ პასუხობს კითხვას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის თუ არა სამხედრო დამნაშავე.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტში, რომელიც არ გახლავთ სასამართლო. მაგრამ საქართველოს რაც შეუძლია, ეს არის, რომ მიმართოს იმ ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთ საკითხებს ადგენს“, — განაცხადა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის მარტში საქართველომ, 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე გამოძიების დაწყების შუამდგომლობით მაშინ, როდესაც მიმართვაზე ხელმოწერა 123 ქვეყანას შეეძლო.

„მაშინ, როდესაც პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე ოპოზიციას ტყუილით გამოჰყავდა საქართველოს მოქალაქეები, რომ თითქოს საქართველო არ არის საკმარისად სოლიდარული უკრაინის მიმართ; ზუსტად მაშინ, როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, 2022 წლის 2 მარტს საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ეს გვაჩვენებს, რამდენად ყალბი იყო ის ბრალდებები“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტი პაპუაშვილს ჩაეკითხა, თუ რატომ უჭირს, პირდაპირ უწოდოს პუტინს სამხედრო დამნაშავე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინოს ყველა გარემოება, გამოავლინოს ყველა დანაშაული და მოიძიოს დამნაშავეები.

„ჩვენ ვართ პარლამენტში. პარლამენტი გახლავთ საკანონმდებლო ორგანო. აქ ვიღებთ კანონებს. კანონები არსებობს იმისთვის, რომ შემდეგ სასამართლოებმა ამ კანონის საფუძველზე გამოიტანონ ხოლმე გადაწყვეტილებები“, — დასძინა პაპუაშვილმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 16 ათას ბავშვზე.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

მასალების გადაბეჭდვის წესი