ახალი ამბები

„სამხედრო დამნაშავეა“, „შეაგინე პუტინს“, თამაშებია, რომ ბუნტი გამოიწვიონ – ვოლსკი

20 მარტი, 2023 • 905
„სამხედრო დამნაშავეა“, „შეაგინე პუტინს“, თამაშებია, რომ ბუნტი გამოიწვიონ – ვოლსკი

„სამხედრო დამნაშავეა, შეაგინე პუტინს, ამით გამოხატე შენი პოლიტიკური დამოკიდებულება – ეს ის თამაშებია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ბუნტი გამოიწვიონ და პრორუსულობა ვიღაცას დააბრალონ და ა.შ.“, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე.

მისი თქმით, საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისა, რომლებმაც მიმართეს ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით და ამ ფაქტის მითვისებას ვერავინ შეძლებს.

„სერიოზულად თუ გინდათ ამ თემის განხილვა, აბსოლუტურად სხვა რაკურსით უნდა შევხედოთ. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში შევიდა მოთხოვნით, რომ გამოძიება დაწყებულიყო რუსეთის, როგორც აგრესორის წინააღმდეგ. არცერთი ადამიანის დანაშაული არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. ამით ყველაფერია ნათქვამი. არასერიოზული ლაპარაკი, რომ აბა, შეაფასე წინასწარ, სასამართლო სანამ იტყვის, შენ გამოიტანე ვერდიქტი, არ არის ის თემა, რომელიც დღეს უნდა აქტუალური იყოს.

ვინაიდან ყველამ გაიგო, რომ ჰააგის ტრიბუნალში საკითხის შეტანაში საქართველო იყო 38 ქვეყანას შორის, ახლა ცდილობენ, ეს ინფორმაცია გადაფარონ. მე პირადად ეჭვი მაქვს, უკრაინის ელჩის გაწვევაც კი ამ თემას დაამთხვიეს, რომ არ ყოფილიყო ხაზგასმული, რომ ჰააგის ტრიბუნალს საქართველომ მიმართა და უკრაინა მაინც უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო არ ერთვება საომარ ვითარებაში, ეს იმიჯი უნდა დარჩენილიყო და ვფიქრობ, პოლიტიკური თამაში სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა და მომავალშიც ამ ვითარებით განვითარდება“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შეუქცევადი პროცესები დაიწყო.

„ჰააგას ჩვენ გადავეცით ეს საკითხი, რა, და თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ, ამას ვერ მიითვისებთ. ეს არის სერიოზული, არამარტო სამართლებრივი, პოლიტიკური გადაწყვეტილება და აჩვენებს, რომ ამის უკან შეუქცევადი პროცესები დაიწყო იმ თვალსაზრისით, რომ არა მარტო სამართლებრივი შეფასებები იქნება და ყველა დამნაშავეს თავის პასუხი გაეცემა, არამედ პოლიტიკურად შეუქცევადი პროცესია, როდესაც დაპირისპირება შედის ახალ ფაზაში და იძენს პრაქტიკულად ისეთ ხასიათს, რომლის პირობებში ყველა ქვეყანა თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საქართველოს ინტერესი არის მთავარი – შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და არამხოლოდ, ბავშვები უკანონოდ რუსეთში გადაჰყავდათ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 16 ათას ბავშვზე.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

მასალების გადაბეჭდვის წესი