ახალი ამბები

“არ არის ჩვენთვის საინტერესო” — ღარიბაშვილი აშშ-ის ანგარიშზე

21 მარტი, 2023 • 1371
“არ არის ჩვენთვის საინტერესო” — ღარიბაშვილი აშშ-ის ანგარიშზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა.

„მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ეყრდნობა ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, მოგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობილი დასკვნები და ანგარიში. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო“, — განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების კომენტირებისას.

პრემიერის თქმით, მას არ ახსენდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები 10 წლის წინ და უფრო ადრეც, „როცა ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა და არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა“.

„მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია დემოკრატია. თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა კრიტიკული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციას, თუმცა მათი ინფორმაციის 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი ცრუ ინფორმაცია… ასევე, ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას… ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ უყურებთ, რომ დღეს აქვს სრული თავისუფლება არასამთავრობო სექტორს, მედიასაშუალებებს, ყველას. ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს ავრცელებს 2022 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

57-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია გასულ წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ქვეთავში საუბარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

რა წერია აშშ-ს ანგარიშში მიხეილ სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი