პარლამენტის თავმდჯომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ სტატუსს ხელისუფლებასაც აძლევენ.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის გამიჯვნა „აბსოლუტური მიამიტობაა“. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ასე საუბრობენ ოპოზიციის წევრები, როცა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.
„ისინი [ოპოზიცია] მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხია კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსი. ეს არის აბსოლუტური მიამიტობა ან პირდაპირი მავნებლობა. მე საკუთარი ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია, რომ ვინმეს უთხრა, ხელისუფლება, სახელმწიფო, სისტემა, არაფერი არ ვარგა და ხალხი, რომელიც სადღაც ცხოვრობს, კარგია და მას მიეცი სტატუსი. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ასე იქნება და არა სხვანაირად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.