ახალი ამბები

„მზად ვარ, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს“ — სახალხო დამცველი

15 მარტი, 2023 •
„მზად ვარ, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს“ — სახალხო დამცველი

ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადყოფნას გამოთქვამს, მოინახულოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუ მას ამის სურვილი ექნება.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აპირებს შეხვდეს სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმს.

„არსებობს კონსილიუმი სახალხო დამცველთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად აფასებს. რა თქმა უნდა, მე ვაპირებ მათ შევხვდე და მოვისმინო, კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას. ვაპირებ, შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახის წევრებსაც, და მათი მოსაზრებები მოვისმინო. თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას. მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ, მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ჩათვალეთ, რომ ეს არის შეთავაზება“, — განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გასული წლის 4 დეკემბრის შემდეგ საგრძნობლად დამძიმებულია. ექსპერტთა შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში კუნთების განლევის ხარჯზე 5-7 კილოგრამი დაიკლო. იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი წონაში კვლავ ანალოგიურად დაიკლებს, საწოლზე მიჯაჭვული გახდება.

5-7კგ-ის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება – ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი

მასალების გადაბეჭდვის წესი