ახალი ამბები

ვენეციის კომისია სასამართლოების კანონზე მორიგ მოსაზრებას აქვეყნებს

14 მარტი, 2023 • 1022
ვენეციის კომისია სასამართლოების კანონზე მორიგ მოსაზრებას აქვეყნებს

ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მორიგ მოსაზრებას აქვეყნებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე უკვე 4 მოსაზრება აქვს გამოქვეყნებული და ახალი დოკუმენტი მათი გაგრძელებაა.

ვენეციის კომისიის თქმით, შესწავლილი ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა იმ საკანონმდებლო ზომების ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში დაევალა.

მოსაზრების ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია, მიიღოს და დანერგოს გამჭვირვალე, ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ფართო, მრავალპარტიული ინკლუზიური კონსულტაციების გზით. ამასთან, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და უზრუნველყოს ძალაუფლების შტოების გამიჯვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გატარება და მასში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრების დანიშვნა იმგვარად, რომ გატარებული ზომები თანხვედრაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

წარსულში გავრცელებული მოსაზრებებიდან ვენეციის კომისია 2022 წლის დოკუმენტს იშველიებს, სადაც მოსაზრების ავტორები აცხადებდნენ, რომ კანონში შესული ბოლო ცვლილებები გამჭვირვალობის ნაკლებობით იქნა მიღებული და მისი შემუშავება არ მომხდარა ეფექტიანი კონსულტაციების გზით.

რაც შეეხება ახლად შემუშავებულ კანონპროექტს, კომისია აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა, პროცესი ინკლუზიურად, უმცირესობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართულიყო, თუმცა ის, რომ სრულფასოვანი ინკლუზიურობა პროცესში მიღწეული იყო, ვენეციის კომისიის თქმით, მონაწილეთა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა.

„ვენეციის კომისია“ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, კარგად ფუნქციონირებადი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის საჭიროებას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ გამართულ სასამართლო სისტემას, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული, შეუძლია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

ამ კონტექსტში ვენეციის კომისია საკუთარი წინა მოსაზრებებიდან იმ რეკომენდაციებზე მიუთითებს, რომელიც ამ დრომდე არ შესრულებულა.

მათ შორის ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს სასამართლო კორპორატივიზმის და პირადი ინტერესების პრობლემაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამასთან, კომისია აღწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებულ უფლებამოსილებას მოსამართლეთა თანხმობის გარეშე ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კორექტირებას საჭიროებს მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების საკითხი და მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს უფრო კონკრეტული საფუძვლები უფლებამოსილების შეჩერებისთვის. ამასთან, გაიზარდოს ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების დრო. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შესაზღუდია მოსამართლეთა მიერ მოსაზრების გამოხატვის გამო დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების თქმით, კანონში შესატანი აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ პირველი ნაბიჯია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ყოველმხრივი სტრატეგიისა და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ლიმიტირებულია და არ უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლო სისტემის მთლიან რეფორმირებას.

ამასთან, ვენეციის კომისიის განცხადებით, ერთ-ერთ მიზეზად,  თუ რატომ ვერ შესრულდა ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციები, ქართულმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების განხილვა დაასახელა. ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს აღნიშნული რეკომენდაციები და გაუმართლებლად არ გადადოს მათი შესრულება.


სასამართლო რეფორმის ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა

მასალების გადაბეჭდვის წესი