ახალი ამბები

სასამართლო რეფორმის ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა

4 ნოემბერი, 2022 • 998
სასამართლო რეფორმის ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა

ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში „ოცნების“ მიერ შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის 3-თვიანი მუშაობის შედეგად, 1 ოქტომბერს გასაჯაროვდა სასამართლოს რეფორმის სტრატეგია, დღეს კი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს წარმოადგენს.

ოხანაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეებს დანიშნავს დასაბუთებისა და გამჭვირვალობის იმავე სტანდარტით, როგორც ეს გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურით;
  • დგინდება შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართული პროცესის ფარგლებში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ, თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს საბჭოს შესაბამისი წევრის მიკერძოებას;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება ეძლევა, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება;
  • დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება; კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოუსმენს თითოეულ ასეთ კანდიდატს;
  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მთელი რიგი ნორმები იხვეწება და უმჯობესდება შინაარსობრივი დაზუსტების, სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული და რედაქციული თვალსაზრისით.

ანრი ოხანაშვილის ცნობით, კანონპროექტი დღესვე წარედგინება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ინიცირებისთვის, ხოლო დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს.

„ამ ორგანიზაციებიდან მიღებული დასკვნის შედეგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაიწყებს მსჯელობას და უკვე მუშაობას საკომიტეტო განხილვის ფარგლებში“, — თქვა მან.

ევროკომისიის რეკომენდაციაა:

  • „მიღებულ იქნას და განხორციელდეს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიული კონსულტაციის პროცესზე; უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვთან ერთად. ასევე, მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება; უზრუნველყოფილ იქნას ყველა სასამართლო და სისხლისსამართლებრივი ინსტიტუტის, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოიფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა განწესებისა და გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესში; განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დაინიშნონ უმაღლესი საბჭოს [ვაკანტურ ადგილებზე] წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი