ახალი ამბები

„რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, EU-ის დროშა პატივით დაბრუნდება“ — პაპუაშვილი

14 მარტი, 2023 • 890
„რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, EU-ის დროშა პატივით დაბრუნდება“ — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის წინ “პატივით დაბრუნდება”.

„ჩვენი მოწვევის პარლამენტმა ადმინისტრაციული შენობების წინ აღმართული ევროკავშირის და სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა დასჯადი გახადა. იყო შსს-ს განცხადება, რომ ყველა, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება სათანადოდ იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით დასჯილი. სამწუხარო ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ — რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს ჰკითხეს, პირადად აპირებს თუ არა დროშის აღმართვას დემონსტრაციულად, როგორც ეს მისმა წინამორბედმა კახა კუჭავამ გააკეთა.

„ვნახე რამდენიმე დეპუტატის განცხადებები ამასთან დაკავშირებით. დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას. რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა. როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშის ფრიალის ნაცვლად, ეს დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, ფანჯრები იმსხვრეოდა, ჯებირები კი არა, პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, ევროპის გულით ანთებულ ხალხს მაშინ რომ ეთქვა ამასთან დაკავშირებით, იქნებოდა კარგი“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებს კრიტიკას პოლიციის უმოქმედობის შესახებ: „სათანადო რეაგირება იყო. შესაბამისი პირები მიეცემიან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში“, — ამბობს იგი.


დღეს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ სახელმწიფოს მიერ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას.

შსს-მ EU-ის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი