ახალი ამბები

ყიფიანის გათავისუფლება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო — კობახიძე

14 მარტი, 2023 • 2133
ყიფიანის გათავისუფლება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანის ადვოკატობაზე უარი თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა. ამის შესახებ მან დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყიფიანის „ჩახსნა“ კონკრეტული მიზეზების გამო მოხდა. თუმცა  კობახიძე არ აკონკრეტებს, რა მიზეზებზეა საუბარი.

„ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია, ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ის პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის, ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში.

ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი.  თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ალბათ, მხარეები გააკეთებენ კომენტარს. [ვიქტორ ყიფიანი] კანონის მიღებამდე ჩაეხსნა. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მიზეზების გამო მისი გათავისუფლება ადვოკატის პოზიციიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები“.

თუმცა მანამდე „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იყო, რომ „აგენტს“  უარყოფითი კონოტაცია არ ჰქონდ, ეს სტატუსი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდათ და მხოლოდ ორგანიზაციებს შეეხებოდა.

„არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ვერასდროს გახდები პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი. მთავარი მიზეზი, რის გამოც [ვიქტორ ყიფიანი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი], გაცილებით ბევრად უფრო მძიმე იყო, წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეს მიზეზი პირდაპირ არ უკავშირდება შვეიცარიულ ბანკთან დავას. მისი თქმით, მთავარია, რომ ყიფიანი ივანიშვილთან აღარ არის დაკავშირებული.


ვიქტორ ყიფიანმა რადიო „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა მმართველი გუნდი რუსული კანონის ინიციირებისთვის, რომელსაც ქვეყანაში რამდენიმედღიანი აქციები, საბოლოოდ კი, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ (წარსულში „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“), რომლის უფროსი პარტნიორიცაა ვიქტორ ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების ბოლო განცხადება 28 თებერვალს გაავრცელა. ივანიშვილის საქმეს იურიდიულ ფირმაში სწორედ ვიქტორ ყიფიანი კურირებს და იცავს მის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავაში.

უცნობია, რას ეყრდნობა ანრი ოხანაშვილი, როდესაც ამბობს, რომ ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი არ სარგებლობს ყიფიანის მომსახურებით. მედიაში მსგავსი ცნობა არ გავრცელებულა. „ნეტგაზეთმა“ სცადა ინფორმაციის გადამოწმება ვიქტორ ყიფიანთან და „ემ ქეი დიში“, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი