ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის მიერ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის კრიტიკას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი იმით ხსნის, რომ კანონპროექტი „მის [ყიფიანის] ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა“.
ყაველაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ვიქტორ ყიფიანი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. ამის შესახებ აგრეთვე განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ – ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს“, – ნათქვამია ყაველაშვილის განცხადებაში, რომელიც „ხალხის ძალამ“ გაავრცელა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვარაუდით, კანონპროექტმა ყიფიანი აანერვიულა:
„ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს“, – ამბობს ყაველაშვილი.
მანამდე ვიქტორ ყიფიანმა რადიო „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა მმართველი გუნდი რუსული კანონის ინიციირებისთვის, რომელსაც ქვეყანაში რამდენიმედღიანი აქციები, საბოლოოდ კი, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.
იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ (წარსულში „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“), რომლის უფროსი პარტნიორიცაა ვიქტორ ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების ბოლო განცხადება 28 თებერვალს გაავრცელა. ივანიშვილის საქმეს იურიდიულ ფირმაში სწორედ ვიქტორ ყიფიანი კურირებს და იცავს მის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავაში.