ახალი ამბები

ოხანაშვილის ინფორმაციით, ყიფიანი ივანიშვილის ადვოკატი აღარაა

13 მარტი, 2023 • 1360
ოხანაშვილის ინფორმაციით, ყიფიანი ივანიშვილის ადვოკატი აღარაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ვიქტორ ყიფიანი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარაა.

„ბატონი ყიფიანი ბატონი ივანიშვილის საადვოკატო მომსახურებას უკვე გარკვეული პერიოდია, არ ეწევა და მასთან არ არის დაკავშირებული. რატომ გსურთ, რომ ეს დააკავშიროთ ბატონ ივანიშვილთან და დააკავშიროთ რამე ფორმით ჩვენთან, ვერ გეტყვით.
ჩემი ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას იყო გავრცელებული, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით“, — განუცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

მანამდე ვიქტორ ყიფიანმა რადიო „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა მმართველი გუნდი რუსული კანონის ინიციირებისთვის, რომელსაც ქვეყანაში რამდენიმედღიანი აქციები, საბოლოოდ კი, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ (წარსულში „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“), რომლის უფროსი პარტნიორიცაა ვიქტორ ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების ბოლო განცხადება 28 თებერვალს გაავრცელა. ივანიშვილის საქმეს იურიდიულ ფირმაში სწორედ ვიქტორ ყიფიანი კურირებს და იცავს მის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავაში.

უცნობია, რას ეყრდნობა ანრი ოხანაშვილი, როდესაც ამბობს, რომ ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი არ სარგებლობს ყიფიანის მომსახურებით. მედიაში მსგავსი ცნობა არ გავრცელებულა. „ნეტგაზეთმა“ სცადა ინფორმაციის გადამოწმება ვიქტორ ყიფიანთან და „ემ ქეი დიში“, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი