ახალი ამბები

„მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება“ — არახამია ღარიბაშვილზე

13 მარტი, 2023 • 3810
„მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება“ — არახამია ღარიბაშვილზე

უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს უკრაინელი პოლიტიკოსების საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ.

„მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერს თითქოს არ ესმის. დაიწყებს გაგებას, როდესაც გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან „ხელი ხელს ბანს“, — წერს არახამია „ტელეგრამში“ საკუთარ არხზე.

მისი თქმით, კმარა ქართველი ხალხის შეშინება იმით, რომ უკრაინაში საქართველოსთვის ომი უნდათ.

„ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით“, — დასძინა არახამიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს, „იმედთან“ ინტერვიუში გააკრიტიკა უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს საქმეებში ჩარევისთვის და დაადანაშაულა, რომ საქართველოში ესკალაცია სურთ.

„უკრაინაში ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, ჩვენი ინფორმაციით. ძალიან რთული ბრძოლები იქნება, ალბათ, დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ, ალბათ, კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება. ახლა ომში მყოფი ადამიანი [ზელენსკი] როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს… გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა უკრაინიდან დაბრუნებულ ქართველ მებრძოლებსაც მიმართა და მოუწოდა, „ცოდვას ნუ ჩაიდენენ“ და ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს.

ნუ ჩაიდენენ ცოდვას და აჰყვებიან პროვოკაციას – ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი