ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინიდან დაბრუნებულ მებრძოლებს მიმართავს და 7-8 მარტის აქციის კონტექსტში მოუწოდებს, რომ „ცოდვას ნუ ჩაიდენენ“ და ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების და ამ აქციების დარბევის შემდეგ ღარიბაშვილმა პირველი ინტერვიუ „იმედს“ მისცა. ინტერვიუს დროს მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოში და აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დამანგრევლად აისახა.
„მინდა ამ ბავშვების მშობლებს მივმართო ყველას, რთული ვითარებაა, მთელი მსოფლიოა ჩართული უკრაინის ომში – რუსეთი და დასავლეთი დიდი დაპირისპირების წინაშე დგას და რეალურად დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. ბირთვული ომის რიტორიკა დაბრუნდა, ამ დროს ჩვენ პატარა ქვეყანა 4-მილიონიანი, ვიცით როგორ გადავრჩით. სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები, მაგალითად, მითხრეს, რომ მომივიდა ცნობები, რომ რამდენიმე ათეული უკრაინაში მებრძოლი დაბრუნდა საქართველოში. რა უნდა გააკეთო, რა ილუზია აქვთ ამ ადამიანებს საერთოდ..?,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.
ჟურნალისტმა უთხრა ღარიბაშვილს, რომ უკრაინიდან დაბრუნებული მებრძოლები საპროტესტო აქციებზეც იყვნენ – „ჩვენ მათ დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ დიდ სიაზე იყო საუბარი. თქვენ გაქვთ ინფორმაცია?“
„მე ვიცი, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოვიდა, მინდა მათ მივმართო: ნუ ექნებათ ილუზია და განცდა, იმისა, რომ აქ რაღაც მოხდება. არაფერი მოხდება ჩემო ძმებო. მინდა ყველა ადამიანს მივმართო, ვინც უკრაინაში იბრძვის. მშვიდობიანად დაბრუნება ვუსურვო საკუთარ ოჯახებში და ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს და ნუ ჩაიდენენ საშვილიშვილო ცოდვას, ნუ აყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში.
ჩვენ ვიცით ბევრი, იმაზე მეტი ვიდრე წარმოუდგენიათ. მაგრამ მინდა ერთი რამე ვთქვა – სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ოცნება“ არ დაუშვებს მეორე ფრონტს, შემდეგ დასძენს: „სამარცხვინო იყო, თუ ამბობ, რომ მეომარი კაცი ხარ და კიდევ მინდა გავიმეორო, ხელი მოვუმართო ყველას და ყველამ დააბრუნოს ღმერთმა თავის სახლში – რომ გამოდიხარ პოლიტიკურ აქციაზე სიტყვით – ეს რა უბედურებაა?! რა ხდება საერთოდ. მაშინ უნდა თქვა, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები. ხომ იყვნენ პოლიტიკოსები წასულები, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები. მაშინ ესენიც ასეთი პოლიტიკოსები არიან. ამიტომ გაჩუმდნენ, წყნარად იყვნენ, მშვიდად იყვნენ და ნუ შეეცდებიან აქ არეულობის შემოტანას,“
საპროტესტო აქციაზე ნამდვილად იყვნენ უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლები. მათ 10 მარტს – მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ კანონპროექტი გაიწვია სიტყვითაც მიმართეს პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს. ისინი აპროტესტებდნენ რუსულ კანონპროექტს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ და ამბობდნენ, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა.
გამომსვლელებს შორის იყო ბესარიონ ბენდელიანი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნდებოდა. გამოსვლის ბოლოს მან მოუწოდა მთავრობას გადადგომისკენ.
6 მარტს „ოცნებამ“ თქვა, რომ რუსულ კანონპროექტს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ 9 მარტს უყრიდა კენჭს, თუმცა, მეორე დღესვე მოულოდნელად ეს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანეს. მას მხარი დაუჭირა „ოცნების“ 76-მა დეპუტატმა.
ამას მოჰყვა აქცია პარლამენტთან. 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა. მოქალაქეებმა ღამით წრე შემოარტყეს პარლამენტს, დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. სახელმწიფომ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
აქციების დროს ადმინისტრაციული დააკავეს 160 ადამიანზე მეტი, დაშავდა ათეულობით ადამიანი. სულ მცირე ერთმა დაკარგა მხედველობა. აქციების მიმდინარეობისას იძალადეს რამდენიმე ჟურნალისტზე, მათ შორის ნეტგაზეთის რეპორტიორზე – მიხეილ გვაძაბიაზე.
უწყვეტი პროტესტის ფონზე „ოცნებამ“ კანონპროექტი გაიწვია. თუმცა, თქვა, რომ მის განხილვას სამომავლოდ გააგრძელებდა.
ამ თემაზე წაიკითხეთ: