ახალი ამბები

საქართველოს ბოლო მოვლენები და რუსეთის სანქციები – რაზე ისაუბრა სალივანმა ზურაბიშვილთან

11 მარტი, 2023 • 1383
საქართველოს ბოლო მოვლენები და რუსეთის სანქციები – რაზე ისაუბრა სალივანმა ზურაბიშვილთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

თეთრი სახლის ცნობით, ზურაბიშვილმა და სალივნმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მათივე ცნობით, საუბარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმებზე, რომლისთვისაც აუცილებელია ერთიანი და ინკლუზიური მიდგომა და ამ კონტექსტში ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლზეც.

თეთრი სახლის ცნობით, საუბარი შეეხო „აგენტების“ შესახებ რუსულ კანონპროექტებსაც, რომელიც 10 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ უკან გაიწვია. მათი ცნობით, სალივანი და ზურაბიშვილი მიესალმნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ორივე კანონპროექტის გაუქმების შესახებ.

„მათ ასევე განიხილეს მათი საერთო შეშფოთება კანონპროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას მათი გარე დაფინანსების გამო, რამაც შეიძლება შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ცნობით, საუბარი შეეხო რუსეთვისთვის დაწესებულ სანქციებს და აღინიშნა, რომ აუცილებელია, რუსეთი მუდმივად გრძნობდეს ეკონომიკური სანქციების, ექსპორტის კონტროლისა თუ სხვა ეკონომიკური შეზღუდვების სიმძიმეს, რომელიც დაწესებულია აშშ-სა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორისაგან, რათა პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომის გამო.

ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველო არ გახდეს „შავი ხვრელი“ და გზა სანქციების თავის არიდების.

მასალების გადაბეჭდვის წესი