ახალი ამბები

აქციის მონაწილის თქმით, უსაფუძვლოდ დააკავეს და 2000 ლარით დააჯარიმეს

10 მარტი, 2023 • 1078
აქციის მონაწილის თქმით, უსაფუძვლოდ დააკავეს და 2000 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე პაატა ედილაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა დილის 4 საათზე უკვე დასრულებული აქციიდან მეგობრებთან ერთად შინ ბრუნდებოდა.

ედილაშვილის თქმით, მიუხედავად დაკავების ოქმში ჩანაწერისა, სადაც მითითებული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს, რეალურად ეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა.

ამასთან, დაკავებული, რომელიც სასამართლომ 2’000 ლარით დააჯარიმა ადმინისტრაციულად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, აცხადებს, რომ პოლიციისთვის არც დაკავების მომენტში და არც მანამდე წინააღმდეგობა არ გაუწევია:

“ორი მანქანა გაჩერდა გზასა და ტროტუარს შორის, ჩქარა, შეძახილებით და გინებით გადმოხტნენ და გვეცნენ. მე მაშნვე გამაქანეს მანქანაში და ვეღარ დავინახე, დანარჩენებს რა ბედი ეწიათ, მეგონა, დაიჭირეს”.

– “დაწერეს, ვითომ წინააღმდეგობა გავუწიე და მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა… ყველა დაკავებულს ერთსა და იმავეს უწერდნენ. ერთი ვერტიკალია სასამართლო და პოლიცია, ამაში დავრწმუნდი“, — ამბობს პაატა ედილაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

„ნეტგაზეთი“ ასევე ესაუბრა დაკავებულის ადვოკატს დიმიტრი ნოზაძეს. მისი თქმით, სასამართლოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პოლიციელი გამოიძახა მოწმედ და ყველა მათგანის, მათ შორის ოქმის შემდგენელი უჩა ხანიშვილის ჩვენება არათანმიმდევრული იყო.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციელები ამბობდნენ, რომ ედილაშვილი ქაშვეთის ტაძართან „უმისამართოდ იგინებოდა“, თუმცა მათი ნაწილი აცხადებდა, რომ ამ დროს ედილაშვილი და მისი თანმხლები პირები ზურგით იდგნენ და რუსთაველს მიუყვებოდნენ, როგორ მოახდინეს მისი იდენტიფიცირება, ვერ განმარტეს:

„6 კაცი დავკითხეთ, 3 პოლიციელი და ის პირები, ვინც დაკავებისას პაატას ახლდნენ. ერთი პოლიციელი ამბობდა, ეს პიროვნება ქაშუეთთან რომ იყო, იქიდან იგინებოდაო, არ დავაკავეთ, ბევრი ხალხი იყო და გინებ-გინებით მოდიოდაო.

მეორე პოლიციელს, ირაკლი ჯიბუტის, რომ ვკითხე, რატომ დააკავეთ-მეთქი, თქვა, რომ მიდიოდა, შემდეგ მოტრიალდა უკანო, რაც სხვა პოლიციელებს არ უთქვამთ. 4 ადამიანი მიდიოდა, საიდან დაადგინეს, ვინ იგინებოდა, ხმის იდენტიფიცირება როგორ მოახდინეს? მესამე პოლიციელი, გიორგი გიორგობიანი ამბობდა, მოთხოვნას არ დაემორჩილაო. ცუდად დაზეპირებული შაბლონებით საუბრობდნენ.

თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პიროვნება მიდის და პოლიციელების ყვირილი ისმის, მიდით და დააკავეთო. ვიდეოში არც პაატა ედიშელაშვილის ხმა ისმის და არც წინააღმდეგობა. სამწუხაროდ, სასამართლოსთვის პოლიციელების არათანმიმდევრული ჩვენება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და 2’000 ლარით დააჯაარიმა“, — ამბობს ადვოკატი.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ვიდეო პაატა ედილაშვილის დაკავების მომენტს ასახავს:

7, 8 და 9 მარტის აქციებზე 130-ზე მეტი პირი დააკავეს, მათი უმრავლესობა – ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი