ახალი ამბებისაზოგადოება

სპეცრაზმმა “პუბლიკის” ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა

9 მარტი, 2023 • 1051
სპეცრაზმმა “პუბლიკის” ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა

ონლაინ გამოცემა”პუბლიკის” ცნობით, მის ორ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა

“ისინი [სპეცრაზმი] ჟურნალისტებს ხელით შეეხნენ და ძალით გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია”, – წერს “პუბლიკა” და ჟურნალისტების ხელშეშლის ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

“გადი, გადი” – ისმის ვიდეოში, რომელშიც ჩანს, რომ სპეცრაზმელი “პუბლიკის” ჟურნალისტს გადაღებაში ხელს უშლის. “გავდივარ”, ეუბნება სპეცრაზმელს ჟურნალისტი, თუმცა სხვა სპეცრაზმელები ესხმიან თავს.

“რატომ მირტყამ? ხელს მიშლი” – ეუბნება სპეცრაზმელებს ჟურნალისტი. კადრში ასევე ჩანს, რომ გამოცემის მეორე რეპორტიორს სპეცრაზმელი ხელს კრავს და ისე აგდებს ტერიტორიიდან.

“პუბლიკის” ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აშუქებდნენ.

“არა რუსულ კანონს” საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 8 მარტს, საღამოს 7 საათზე დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბია. გაუშვა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

მომიტინგეების ბოლო დარბევა 9 მარტს, დაახლოებით დილის 6 საათზე დაიწყო. სპეცრაზმმა გაზის გამოყენებით გაფანტა აქციის მონაწილეები, შემდეგ კი მათი დაკავება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი