ახალი ამბები

სავალდებულო ჯარის ერთი წლით გადავადება პირს 10 ათასი ლარი დაუჯდება

16 დეკემბერი, 2022 • 2853
სავალდებულო ჯარის ერთი წლით გადავადება პირს 10 ათასი ლარი დაუჯდება

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სავალდებულო ჯარის გაწვევის ერთი წლის მანძილზე გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა.

„გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება პირის გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს თავად არ აქვს გავლილი სავალდებულო ჯარი. დღევანდელ განცხადებაში ის ამბობს, რომ ამის გამო არაერთხელ მიუღია კრიტიკა, თუმცა მას საპატიო მიზეზი ჰქონდა.

„სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ.

მე გამაკრიტიკეს, სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი – ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, – დასძენს ის.


12 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში (“ბიბლიურ თავისუფლება”) გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი აღარ იქნება.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს საკითხის “მოგვარებას”.

ვრცლად:

“გირჩის” საბუთით ჯარს თავს ვეღარ აარიდებენ – პრემიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი