ახალი ამბები

#მადლობაGenZ #მადლობამილენიალებს — გახარია დემონსტრანტებს

9 მარტი, 2023 • 2246
#მადლობაGenZ #მადლობამილენიალებს — გახარია დემონსტრანტებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ახალგაზრდებს გუშინდელი დემონსტრაციისთვის. ის ასევე ეხმაურება „ოცნების“ დაპირებას რუსული კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

„ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია! ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით.

დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი – ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას! საქართველო ევროპაა – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია – ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!“ – წერს იგი.

გახარია თავადაც იმყოფებოდა 8 მარტის დემონსტრაციაზე.

გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2017-2019 წლებში, ხოლო 2019-დან 2021-ის ჩათვლით – პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდში საქართველოში დაარბიეს რამდენიმე აქცია, მათ შორის იყო კლუბ „ბასიანის“ დარბევა და პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია, რომელიც შემდგომ გადაიზარდა მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში.

გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წელს მოხდა 20 ივნისის აქციის დარბევაც, ამ დღეს დაშავდა ათობით მოქალაქე, ნაწილმა სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ გასროლილი ტყვიების შედეგად დაკარგა თვალები.

Gen Z-ს უწოდებენ იმ თაობას, რომელთა წარმომადგენლები გვიანი 1990-იანი და 2010-იანი წლების პერიოდში დაიბადნენ. მილენიალები მანამდე დაბადებული თაობაა — 1980-იანი წლებიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე.

თავად გიორგი გახარია Gen X-ია — იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც გვიანი 1960-იანი და ადრეული 1980-იანი წლების შუალედში დაიბადა.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

დღეს „ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ კანონპროექტს „გაიწვევდა“. თუმცა, უცნობია როდის.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი