ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 66 პირი, სხვების ძებნა გრძელდება

9 მარტი, 2023 • 836
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 66 პირი, სხვების ძებნა გრძელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 8 მარტის საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით 66 პირი დააკავეს. ამ დრომდე, ოფიცილური ცნობითვე, ადმინისტრაციული წესით სულ დაკავებული 133 პირი.

შსს-ს ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებითაც დაიწყო.

  • 187-ე მუხლი გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას
  • 353-ე პრიმა მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

“საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს”, – აცხადებს შსს.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი