საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების პროტესტს, რომლებსაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია სურთ.

ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი ძალიან ბევრ ადამიანს, მისი ჩათვლით, აგენტს უწოდებს, რაც „ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას“.

„ეს კანონი არსაიდან მოდის, არანაირი საჭიროება არ არის. ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. არავის უთხოვია მისი მიღება… ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, როდესაც ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვას პასუხობ პროტესტის დათრგუნვის მცდელობით. ეს ადამიანები მოდიან პარლამენტის წინ მშვიდობიანად და ერთი მოთხოვნით, რაც არის ამ კანონის გაწვევა. დაე, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გაიგონ, რომ ეს მათი ბოლო შანსია, აღმოფხვრან ნაპრალი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება; მათ ბოლო შანსი აქვთ, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან რაღაც არადეკლარირებული რუსული ძალა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.