ხელისუფლების ცვლილებიდან ზუსტად 14 წელი გავიდა.
“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ბოლო წლებში ეკონომიკურ მიღწევებზე ხშირად აპელირებენ და ასახელებენ რიცხვებს, თუ რამდენით გაიზარდა მათი მმართველობის დროს ეკონომიკა, სახელმწიფო ბიუჯეტი, ხელფასები და პენსიები.
2020 წლის გამოკლებით, ეკონომიკა მართლაც ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგრამ რამდენი იყო ეს ზრდა და როდის უფრო მეტი იყო რეალური საშუალო წლიური ზრდის ტემპი, 2004-2012 თუ 2013-2025 წლებში?
ნეტგაზეთმა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები გააანალიზა.
იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წელი დასრულებული არ არის და 2026 წლის შესახებ არსებული მონაცემები არასრულია, ძირითად შესადარებელ პერიოდად 2013-2025 წლები განისაზღვრა. რადგან ერთ შემთხვევაში გვაქვს მმართველობის 9 წელი, ხოლო მეორეში- 13, ანუ დროის საგრძნობლად დიდი შუალედი, თითქმის 1.5-ჯერ მეტი, დაანგარიშება საშუალო წლიურის მიხედვით გაკეთდა და არა მთელ პერიოდზე.
მშპ
ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად მშპ მიიჩნევა. მთლიანი შიდა პროდუქტი, ესაა ქვეყნის შიგნით ერთ წელიწადში წარმოებული ყველა საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების ჯამი. მშპ-თი იზომება ის, თუ რა დოვლათს ქმნის ქვეყანა კალენდარული წლის განმავლობაში.
მშპ-ს დათვლისას მნიშვნელოვანია ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებაც. მხოლოდ ფასის ზრდა მშპ-ის ზრდას არ ნიშნავს. რეალური წარმოება უნდა იზრდებოდეს. წინანდადება: „მშპ გაიზარდა 7%-ით“ — თუ სხვა რამ არაა მითითებული, ნიშნავს რომ რეალური წარმოება გაიზარდა 7%-ით.
მშპ-ის ზრდის ტემპის შესაფასებლად თითოეულ პროცენტულ პუნქტს მნიშვნელობა აქვს. ერთ და ორ წელიწადში მისი ეფექტი ნაკლებად შესამჩნევია, დროის გრძელვადიან მონაკვეთში კი, საგრძნობი.
2004-2012 წლებში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6.3%-ით იზრდებოდა, 2013-2025 წლებში – 5.6%-ით. თუ დავუშვებთ, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოს 7.6%-იანი ზრდა მთელი წელი შენარჩუნდება, მაშინ 2013-2026 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 5.8% გახდება.
მშპ-ის ზრდის ტემპი
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ეკონომიკა ერთხელ, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 2009 წელს გავიდა მინუსში. ქართული ოცნების დროს ეკონომიკა ასევე ერთხელ, 2020 წელს შემცირდა. მიზეზი ამჯერად პანდემია და კოვიდრეგულაციები გახდა. წინა ხელისუფლების დროს მშპ-ის ზრდის ტემპმა პიკს, საშუალოდ 10.5%-ს, 2005-2007 წლებში მიაღწია, ქართული ოცნების დროს- 2022-2024 წლებში, 9.5%-ს.
2021 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა საბაზო პერიოდით იყო გამოწვეული. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში 2020 წელს ეკონომიკურმა ვარდნამ 75- წლიანი რეკორდი მოხსნა, ანუ მსგავსი მასშტაბის ვარდნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. რის შემდეგაც, 2021 წელს ახალი რეკორდი მოიხსნა, ამჯერად- ზრდის მიმართულებით. საქართველოს შემთხვევაშიც, 1994 წლის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი ვარდნა იყო (1995-2025 წლებში მშპ-ის ზრდის ტემპი ნულს სულ ორჯერ ჩამოსცდა, 2009 და 2020 წლებში). 2021 წლის ზრდა შეზღუდვების მოხსნამ და იძულებით შეჩერებული ბიზნესების ხელახლა ამუშავებამ გამოიწვია. ამიტომ არც 2020 წ. და არც 2021 წ. ცალ-ცალკე არ უნდა იქნას განხილული, 2020-2021 წლების საშუალო ზრდა 2.2%-ს შეადგენდა.
საინტერესო სურათს მივიღებთ, თუ მშპ-ის და მშპ-ის ზრდის ტემპს ერთ სულ მოსახლეზე დავითვლით. 2015 წლის მუდმივ ფასებში (მსოფლიო ბანკს ბოლო განახლება 2015 წლის ფასებში აქვს) 2003 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2000-ზე ნაკლებს შეადგენდა, 2012 წელს -$3600-ზე მეტს, 2025 წელს კი- $6800-ზე მეტს. საშუალო წლიური ზრდა 2004-2012 წლებში 6.9%-ს შეადგენდა, 2013-2025 წლებში -6.2%-ს. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ზრდის ტემპი ქვეყნის მაჩვენებელს 0.6 პროცენტული პუნქტით აღმატება. აცდენის მიზეზი მოსახლეობის კლება გახდა. საერთო გასაყოფის პირობებში, რაც ნაკლები იქნება გამყოფი, მით მეტი გამოვა განაყოფი.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2015 წლის მუდმივ ფასებში (აშშ დოლარი) და მისი ზრდის ტემპი
რამდენად შეეხო მშპ-ის ზრდის ტემპი მოსახლეობას? მშპ ეკონმიკური მდგომარეობის საუკეთესო საზომია, მაგრამ არა იდეალური. გზის დაგება, კვლევითი ცენტრის შექმნა, არმიისთვის იარაღის შეძენა… საერთო ჯამში, ქვეყანას აძლიერებს, თუმცა, არა ინდივიდების მდგომარეობას ცალ-ცალკე. ხელფასებისა და პენსიების ზრდის ტემპი სტატიის მეორე ნაწილში იქნება განხილული.
სახელმწიფო ბიუჯეტი
სახელმწიფო თავის ფუნქციებს ბიუჯეტის ფულით ასრულებს. ჯარი, პოლიცია, სასამართლო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზები, ხიდები, გვირაბები და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვისაც თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფა. საჯარო მოხელეების ხელფასები, ასაკობრივი პენსია და სოციალური დახმარბებიც ბიუჯეტიდან გაიცემა. სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 80% გადასახადებისგან ივსება, რასაც პრივატიზაციით, გრანტებით, სესხებით, ჯარიმების ამოღებითა თუ ლიცენზიების გაცემით მობილიზებული თანხებიც ემატება. როგორ იცვლებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი 2004-2012 წლებსა და 2013-2025 წლებში?
2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა შემოსულობების (ყველა შემოსავალი ერთად) ნაწილში 947 მლნ ლარი შეადგინა, გეგმა წინა წლების მსგავსად მიახლოებითაც ვერ შესრულდა. 2012 წელს შემოსულობების მოცულობა 8.5-ჯერ, 8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 2025 წელს 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტი კიდევ 3.5-ჯერ, 27.8 მლრდ-მდე იყო გაზრდილი.
დასახელებული რიცხვებით გამოდის, რომ ნომინალურად 2004-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად საშუალოდ იზრდებოდა 27%-ით, ხოლო 2013-2025 წლებში- 10%-ით. ორივე შემთხვევაში ზრდა ნომინალურია, ბოლო 22 წელიწადში რეალური ბიუჯეტი 29-ჯერ არ გაზრდილა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მიმდინარე და მუდმივ ფასებში (მლნ ლარი)
ხელაფსების, პენსიების და სხვა კერძო შემოსავლების შემთხვევაში, რეალური ზრდა ინფლაციის მიხედვით გაიანგარიშება, რომელიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ასახავს. სამომხმარებლო კალათა ძირითადად აერთიანებს 305 დასახელების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტსა და მომსახურებას, ისეთებს როგორებიცაა- საკვები, საავტომობილო საწვავი ან თმის შეჭრა. მშპ-ისა და ბიუჯეტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რამდენით გაიზარდა 1 კმ გზის დაგება ან ელექტროგადამცემი ანძის რეაბილიტაცია, რისთვისაც დეფლატორი გამოიყენება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის ტემპი მიმდინარე და მუდმივ ფასებში
დეფლატორის გათვალისწინებით, 2004-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად საშუალოდ იზრდებოდა 18%-ით, ხოლო 2013-2025 წლებში- 5%-ით.
2013-2025 წლებში ბიუჯეტისა და მშპ-ის ზრდის ტემპი დაახლოებით თანაბარი იყო, 2004-2012 წლებში კი ბიუჯეტი მშპ-ზე მეტად გაიზარდა. 2013 წლიდან გადასახადები არ შემცირებულა და ბიუჯეტის ზრდის ტემპის კლების მიზეზი ეს არ გამხდარა. აცდენის მიზეზი ძირითადად დასახელებული პერიოდის პირველ ვადაში უნდა ვეძებოთ. 2004 წლიდან ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდა, გადასახადების ამოღების მაჩვენებელი კი, თავად გადასახადების დასახელების ოდენობის 21-დან 6-მდე შემცირების მიუხედავად, გაიზარდა, რასაც თან პრივატიზაციაც დაემატა. ამ ყველაფერს მოჰყვა საგადასახადო ტვირთის გაუზრდელად ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადების საერთო მოცულობის სრაფი ზრდა, რამაც, საერთო ჯამში, ბიუჯეტი ეკონომიკაზე სწრაფად გაზარდა.
ექსპორტი
2003 წელს ექსპორტი $461 მლნ-ს შეადგენდა, 2012 წელს 5.2-ჯერ მეტს, $2.4 მლრდ-ს, ხოლო 2025 წელს 2012 წელთან შედარებით 3.1-ჯერ, $7.3 მლრდ-მდე. წლიურად ეს ნიშნავს, შესაბამისად, 20%-იან და 9%-იან ზრდას.
რეალური ზრდის გასაგებად ყველაზე ზუსტი მეთოდი ექსპორტის ფასების ინდექსით გადაანაგარიშება იქნებოდა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ექსპორტის ინფლაციას ითვლის, თუმცა აღნიშნული მონაცემი 2015 წლამდე საჯაროდ ხელმიუწვდომელია. შედარებით უკეთ მისი დათვლა ისევ დეფლატორით შეიძლება. ზოგადად დეფლატორი ფასების ცვლილებას ეროვნულ ვალუტაში ზომავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს სპილენძის მადნების ან ფეროშენადნობების ექსპორტთან, დეფლატორი უფრო ზუსტ მონაცემს მოგვცემს, ვიდრე ინფლაცია.
ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი) მიმდინარე და მუდმივ ფასებში
მუდმივ ფასებში დათვლით 2004-2012 წლებში ექსპორტი წლიურად საშუალოდ იზრდებოდა 11%-ით, ხოლო 2013-2025 წლებში – 4%-ით.
ექსპორტის ზრდის ტემპი მიმდინარე და მუდმივ ფასებში
საქსტატი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მონაცემებს 2014 წლიდან აქვეყნებს, რის გამოც ამ კომპონენტში შედარება ვერ მოხერხდა. შედარების შეუძლებლობის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ 2022-2025 წლებში ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის, კონკრეტულად კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე იზრდებოდა. 2024-2025 წლებში ყირგიზეთი #1 სავაჭრო პარტნიორი გახდა, ეს მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ათეულშიც ვერ ხვდებოდა. 2025 წელს ყირგიზეთში კვარტალური ექსპორტი 1995-2021 წლების ჯამურ მაჩვენებელს აღემატებოდა. გარკვეული სარგებელი რეექსპორტსაც გააჩნია, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტი ქვეყნის შიგნით მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის, მეტ ადამიანს ასაქმებს და ეკონომიკურ ზრდას მეტად აჩქარებს.
ინფლაცია
ინფლაცია – სამომხმარებლო ფასების ზრდა, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. პრობლემა არა თავად ინფლაცია, არამედ მისი სიდიდეა. 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში ჰიპერინფლაცია აღარ ყოფილა, მაგრამ მის განაკვეთს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლისთვის ხშირად გადაუჭარბებია.(ინფლაციაზე პასუხსიმგებლობა ეროვნულ ბანკს აკისრია და მისი მთავარი ამოცანაც ფასების სტაბილურობაა).
მშპ-ის, ექსპორტისა თუ სხვა ეკონომიკური პარამეტრის შემთხვევაში, მეტი ზრდა, როგორც წესი, უკეთესი სურათის მაჩვენებელია, ინფლაციის დროს საქმე პირიქითაა და ფასების ზრდის დაბალი ტემპი სჯობს.
წლიური ინფლაცია
მთელი პერიოდისთვის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2004-2012 წლებში 6.5%-ს, ხოლო 2013-2025 წლებში 4.3%-ს მიაღწია. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველი ნახევარი ერთდროულად მაღალი ეკონომიკური ზრდითა და მაღალი ინფლაციით ხასიათდებოდა. ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში თითქმის ყველას მდგომარეობას აუმჯობესებს, მოკლევადიან პერიოდში კი ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ახალ სამსახურს ვერ ნახულობს ან ხელფასი არ ეზრდება და ინფლაცია რეალურ განკარგვად შემოსავალს უმცირებს.
2018 წლიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ინფლაციის მიზნობრივ (ტარგეტირებულ) მაჩვენებელს 3% შეადგენს. 8-დან 5 შემთხვევაში რეალურმა ინფლაციამ მიზნობრივს გადააჭარბა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოშიც საშუალო ინფლაცია 5.3%-ს შეადგენს და ენერგომატარებლებზე, უპირველესად კი საავტომობილო საწვავზე გაზრდილი ფასები, უახლოეს მომავალში მისი შემცირების მოლოდინს არ აჩენს. 2018-2025 წლებში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე რომ შენარჩუნებულიყო 2025 წელს, 2017 წელთან შედარებით სამომხმარებლო ფასები ჯამურად 27%-ით იქნებოდა გაზრდილი, რეალურად კი 50%-ით გაიზარდა.
ხელფასები
მშპ-ც, ექსპორტიც, ეროვნული ბანკის რეზერვებიც და ყველა სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ადამიანთა რეალური შემოსავლების ზრდის გარეშე ქაღალდზე დაწერილ რიცხვებად დარჩება. შემოსავლების ზრდის გაზომვის ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა არა სრულყოფილი მაჩვენებელი საშუალო ხელფასზე დაკვირვებაა.
საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2003 წელს 126 ლარს შეადგენდა, 2012 წელს მასზე 5.7-ჯერ მეტს – 713 ლარს, 2025 წელს კი 2012 წელთან შედარებით 3.2-ჯერ მეტს, 2283 ლარს. ნომინალურად 2004-2012 წლებში ხელფასები წლიურად 21%-ით, 2013-2025 წლებში კი 9.4%-ით იზრდებოდა. რა იყო რეალური ზრდა?
ინფლაციის გათვალისწინებით 2003 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 2012 წელს 2003 წელთან შედარებით ხელფასი 3.2-ჯერ, 126-დან 405 ლარამდე იყო გაზრდილი, 2025 წელს 2012 წელთან შედარებით, ასევე 2003 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 1.9-ჯერ 405-დან 753-მდე.
საშუალო ყოველთვიური ხელფასები მიმდინარე და მუდმივ ფასებში
რამხელა ეფექტი აქვს ინფლაციას, განსაკუთრებით დროის გრძელვადიან მონაკვეთში, და რა ცდომილებას იწვევს მისი გაუთვალისწინებლობა, ამ მაგალითიდანაც ჩანს. 2003 წლის შემდეგ, 22 წელიწადში, ნომინალური ხელფასი 18-ჯერ გაიზარდა, რეალური კი, მხოლოდ 6-ჯერ.
თუ რეალურ საშუალო წლიური ზრდის ტემპს დავითვლით, 2004-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 13.8% იქნება, 2013-2025 წლებში- 4.9%. 2026 წელს ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდა და მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაციის გათვალისწინებით, მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.
ხელფასების ზრდის ტემპი მიმდინარე და მუდმივ ფასებში
ხელფასებზე საუბრისას, გარდა ინფლაციისა, კიდევ რამდენიმე გარემოება უნდა იქნას გათვალისწინებული:
საშუალო ხელფასის დასახელება არ ნიშნავს იმის მტკიცების მცდელობას, რომ თითქოს ყველა ადამიანს თანაბარი ხელფასი გააჩნია. გამოთვლა საშუალო შეწონილის მეთოდით ხორციელდება. მაგალითად, თუ 10- წევრიან ჯგუფში ერთს 9000 ლარი აქვს ხელფასი, ორს – 5000-5000, ექვსს – 1500 თითოეულს, ერთს კი 1000, მაშინ მათი საშუალო ხელფასი 2400 ლარი იქნება – (9000+2*5000+6*1500+1000)/10=2400.
მედიანურ ხელფასს საქსტატი 2021 წლიდან აქვეყნებს, მისი დათვლისას ზრდადობით დალაგებული მონაცემების ზუსტად შუაში მდებარე რიცხვია მთავარი. მედიანური ხელფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია. ხსენებულ მაგალითში მედიანური ხელფასი 1500 ლარი იქნებოდა.
მოდალური ხელფასის, ანუ იმ ხელფასის შესახებ, რომელსაც ყველაზე მეტი დასაქმებული იღებს, რაც მოყვანილ მაგალითში 1500 ლარი იქნებოდა, სტატისტიკა ღიად არაა ხელმისაწვდომი. საქსტატი მის დათვლის და გამოქვეყნების შესაძლებლობასაც განიხილავს.
ხელფასები საქმიანობის სახეების, რეგიონისა და სქესის მიხედვით განსხვავდება. მათ შორის სხვაობა ყველაზე დიდი საქმიანობის სახეებს შორისაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, დასახელებული რიცხვები დასაბეგრ ხელფასს ასახავს, რასაც დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საშემოსავლო გადასახადი და ბევრისთვის საპენსიო შენატანიც აკლდება. 2025 წლის ნომინალური 2283- ლარიანი ხელფასიც, შესაბამისად, ხელზე ასაღებ 1826 ან 1790 ლარამდე მცირდება.
ასაკობრივი პენსიები
2003 წელს ასაკობრივი პენსია 14 ლარს შეადგენდა, 2012 წელს — 110-125 ლარს, ხოლო 2025 წელს — 350-450 ლარს. ხელფასებისა და ექსპორტისგან განსხვავებით, ასაკობრივი პენსიის ოდენობა, ბიუჯეტის შესახებ კანონით, წინა წლის დეკემბერში დგინდება და წლის განმავლობაში აღარ იცვლება, რაც ნომინალური ზრდის გამოთვლის შესაძლებლობას აჩენს. ამის მიუხედავად, რადგან ინფლაცია მაინც ცვლადია, რეალური ზრდის შესაფასებლად და შესადარებლად ისევ 2025 წლის მონაცემების აღება სჯობს.
ასაკობრივი პენსია საქართველოში ქალებისთვის 60 და კაცებისთვის 65 წლიდან ინიშნება. 2012 წელს ასაკობრივი დიფერენციაცია ამოქმედდა, 67 წლამდე პირებისთვის პენსია 110 ლარს, 67 წლისა და უფროსი ასაკის პირებისათვის კი 125 ლარს გაუთანაბრდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მსგავსი დაყოფა გაუქმდა, თუმცა 2020 წლიდან ისევ აღდგა, ამჯერად გამყოფ ზღვრად 70 წელი დადგინდა. 2016 წლიდან მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებნი პენსიაზე 20%-იან დანამატს იღებენ. მსგავსი სტატუსი პენსიონერთა რაოდენობის მეათედს გააჩნია.
რამდენით გაიზარდა პენსია? 2012 წელს 2003 წელთან შედარებით ნომინალური პენსია 67 წლამდე პირებისთვის 7.9-ჯერ, 67 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის კი 8.9-ჯერ იყო გაზრდილი. 2025 წელს 2012 წელთან შედარებით ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით 3.2-ჯერ და 3.6-ჯერ. რადგან დაყოფის ზღვარი შეიცვალა, შედარებისთვის კიდევ ერთი ასაკობრივი კატეგორია უნდა გამოვყოთ, 67-69 წლის პირებისთვის ნომინალური პენსია 2.8-ჯერ გაიზარდა.
ასაკობრივი პენსია მიმდინარე და მუდმივ ფასებში
ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის 110-125 ლარი 2003 წლის 63-71 ლარს უთანაბრდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროისთვის პენსიები რეალურად 4.5-ჯერ, 5.1-ჯერ გაზრდილა.
ასევე, ინფლაციის გათვალისწინებით, 2025 წლის 350 ლარი 2012 წლის ფასებში დათვლით 203 ლარს შეადგენს, ხოლო 450 ლარი 2012 წლის მსყიდველუნარიანობით 261 ლარია. რეალური პენსია ამ შემთხვევაში 1.8-ჯერ და 2.1-ჯერ გაიზარდა, პენსიონერთა შედარებით მცირე ჯგუფისთვის- 1.6-ჯერ.
რა იყო საშუალო წლიური ზრდის ტემპი? 2004-2012 წლებში ასაკობრივი პენსია ნომინალურად წლიურად იზრდებოდა 26%-28%-ით, რაც რეალურ 18%-20%-იან ზრდას ნიშნავს, 2013-2025 წლებში საშუალო წლიური ნომინალური ზრდის ტემპი 9.3%-10.4%-მდე, ხოლო რეალური ზრდის ტემპი 4.8%-5.8%-მდე შემცირდა.
ასაკობრივი პენსიის ზრდის ტემპი მიმდინარე და მუდმივ ფასებში
პენსიებზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ 2004 წლამდე 14-ლარიანი პენსიის გაცემაც კი პრობლემა იყო და ხშირად გაყინულად ცხადდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულ პენსიას თვეების რაოდენობაზე გავყოფდით, 14-ზე ნაკლებს მივიღებდით. ეს გარემოება 2004-2012 წლების ზრდას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
მეორე მხრივ, 14 ლარის გაორმაგება, თუნდაც არასახარბიელო ეკონომიკურ პირობებში, ბევრად მარტივია, ვიდრე 300 და, მით უმეტეს, 500 ლარის. ნომინალური პენსია 28 ლარი პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციიდან ერთ წელიწადში, 2005 წლის იანვრიდან გახდა, დღეს იგივეს გამეორება ძალიან მაღალი ინფლაციის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. პენსიის ოდენობის გარდა, წლიდან წლამდე თავად პენსიის მიმღებთა რაოდენობაც იზრდება, რაც ბიუჯეტში კიდევ უფრო დიდი სახსრების გამოყოფის აუცილებლობას აჩენს. 2012 წლამდე სტატისტიკა უცნობია. 2012 წლის დეკემბერში ასაკობრივ პენსიას 683 ათასი ადამიანი იღებდა, 2026 წლის აგვისტოში – 903 ათასი. 14 წელიწადში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 220 ათასით გაიზარდა, რაც თითქმის 1/3-ით (32.2%-ით) ზრდას ნიშნავს.
რომ შევაჯამოთ, როგორ იზრდებოდა მუდმივ ფასებში დათვლით საშუალო წლიური ეკონომიკა, ბიუჯეტი, ხელფასები და პენსიები, თითოეული პერიოდისთვის მოცემული ცხრილის შესაბამის მონაცემებს მივიღებთ.
სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის რეალური ზრდის ტემპი
***
რა ხდება სხვა პარამეტრების მიხედვით? პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პერიოდულობით გამოირჩევა და აღმავალი მრუდით არ ხასიათდება. ინვესტიციებზე ვრცლად netgazeti-ს ამ სტატიაშია მოთხრობილი.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის აღრიცხვა ეროვნულმა ბანკმა 2005 წლიდან დაიწყო. მიმართულება ეკონომიკის სექტორად პრაქტიკულად ამ დროს ჩამოყალიბდა.
ფულადი გზავნილებიც ამ შემთხვევაში რამდენიმე მიზეზის გამო კარგი საზომი ვერ იქნება. გზავნილების ზრდა, ერთი მხრივ, ადგილზე მოხმარებას ზრდის, მეორე მხრივ, იმის მანიშნებელიცაა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, 2000-იან წლებში აღრიცხვიანობის პრობლემაცაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2000 წელს რუსეთის წილი 23%-ს შეადგენდა, 2003 წელს- 34%-ს, 2012 წელს- 56%-ს. ამ პერიოდში ემიგრაცია რუსეთში კი არა, ევროპაში გაიზარდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 2000-იან წლებში რუსეთიდან თანხის დიდი ნაწილი გადმორიცხვებით კი არა, ნაღდი ფულის სახით შემოდიოდა.
ეროვნული ბანკის რეზერვები 2012 წელს 2003 წელთან შედარებით 14.6-ჯერ, 196 მლნ-დან 2.9 მლრ-მდე იყო გაზრდილი. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით 8.1 მლრდ-ს აღემატება.
მთავრობის ვალი თანხობრივად თითქმის მუდმივად იზრდება, მაგრამ აბსოლუტურზე მეტად მნიშვნელოვანია მისი მშპ-სთან შეფარდება. 2003 წელს მთავრობის ვალი მშპ-ის 61%-ს შეადგენდა, 2012 წელს- 32% -ს, 2025 წელს – 34%-ს.
ვარდების რევოლუციის მომენტში, 2003 წლის 23 ნოემბერს, აშშ დოლარი 2.22 ლარი ღირდა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს – 1.66 ლარი, 2026 წლის პირველ ოქტომბერს კი- 2.61.
საერთო ჯამში, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკა, ბიუჯეტი, ხელფასები, პენსიები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე 2013-2025 წლებში. ეს ნაწილობრივ შეიძლება საბაზო პერიოდითა და აღრიცხვიანობის მოწესრიგებითაც აიხსნას, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ. მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ის ზრდის ტემპით, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ახლაც, ცალკეული გამონაკლისების გარდა, საქართველო ყოველთვის უსწრებდა როგორც მსოფლიოს, ასევე ევროკავშირის საშუალოს, დღესაც კი საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთში. ეს ფაქტი მძიმე პრობლემას ააშკარავებს, მაგრამ ამავე დროს სწაფი ზრდის შესაძლებლობასაც აჩენს.
