2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 5.4%-ით, 370-დან 390 ლარამდე, ხოლო 70 და უფროსი ასაკის პირების- 12.1%-ით, 495-დან 555 ლარამდე იზრდება.
პარალელურად, დეპუტატების, მინისტრებისა და პრეზიდენტის ხელფასები 8-8 პროცენტით იზრდება, რაც თანხობრივად 1080-1350- ლარიან ზრდას ნიშნავს.
სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში 2020 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, 70 წლამდე ასაკის პირების პენსია ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მინიმუმ 20 ლარით უნდა გაიზარდოს, 70 წლისა და უფროსი ასაკის პირების პენსია კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
წინა წლების მსგავსად, 2027 წლიდან იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც, მათ შორის იზრდება უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელფასებიც.
2027 წლიდან პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 16 000-დან 17 350 ლარამდე იზრდება. ხელფასები ეზრდებათ აგრეთვე მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებსა და მოსამართლეებს.
ასაკობრივი პენსია, თანამდებობის პირთა და მოსამართლეთა ხელფასები
მინისტრის ან დეპუტატის ხელფასი რომ ასაკობრივ პენსიაზე მაღალია, ამაში უცნაური არაფერია. გასათვალისწინებელია რაოდენობაც, პენსიონერთა რიცხვმა 900 000-ს გადააჭარბა. სიმართლეა ისიც, რომ 2012 წელს პენსიების გაცემაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 13.2% იხარჯებოდა და 2027 წელს 17.4%-ის დახარჯვაა დაგეგმილი, თუმცა ასევე სიმართლეა ისიც, რომ რიგითი დეპუტატის ხელზე ასაღები თვიური ხელფასი, საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ 70 წლამდე პენსიონერის 28 თვის პენსიას უდრის.
