ახალი ამბები

„რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ“ — ხიდაშელი

9 მარტი, 2023 • 1069
„რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ“ — ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება. რუსთაველზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა აქციის დაშლას

„რით ვერ გაიგეთ, რით ვერ ისწავლეთ. რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ეს სიბრაზე არსად მიდის და არ იკარგება! დათმობა მოგიწევთ, იმიტომ, რომ ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს. ბოლოში ყველას ჰყოფნიდა გონება და თმობდა, იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, ამის შემდეგ ტყვია უნდა ესროლათ. ასე ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ! მხოლოდ გარდაუვალს ახანგრძლივებთ უფრო მეტი ნაცემი ახალგაზრდის ხარჯზე!“ — წერს ხიდაშელი Facebook-ზე და დასძენს, საკუთარ ხალხთან გაბუტულ, ზურგშექცეულ და მოძალადე ხელისუფალს არასოდეს გაუმარჯვია.

„თუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სისხლის დაღვრას არ მოერიდებით, დედამიწაზე ვერაფერი ვეღარ გიშველით. დიახ, ახლა ემოციები აჯობებს, ემოციების ზღვაშია ქვეყანა გახვეული და ხელისუფლებაში როცა ხართ, ზუსტად პასუხისმგებელი ხართ ამ ემოციების ზღვაში მყოფ ხალხზეც, მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, თავისუფლებაზე. ვინმე ვაშაძემ ან სხვამ რაც არ უნდა ჩაიდინოს მანდ, მას თავისი მოეკითხება, მაგრამ ეს თქვენ ვერ გაგასუფთავებთ, მოძალადის იარლიყს არ ჩამოგრეცხავთ! ეს ხალხი დღეს თქვენზეა გაბრაზებული, თქვენმა ღალატმა გამოიყვანა ქუჩაში, თქვენმა ცინიზმმა და დაცინვამ, თქვენმა გუშინდელმა ძალადობამ დატოვა ქუჩაში. ეს არ დაგავიწყდეთ! გაიწვიეთ ეს რუსული კანონი!“ — წერს ხიდაშელი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს „ქართულ ოცნებას“ ერთ-საათიანი ვადა მისცა რუსული კანონის საქართველოს პარლამენტიდან გასაწვევად და გუშინ დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად. მას შემდეგ, რაც „ოცნებისგან“ გამოხმაურება არ მიუღია, ვაშაძემ მოქალაქეებს პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმისკენ მოუწოდა. პარლამენტის უკანა შესასვლელთან ასულმა მომიტინგეებმა მოანგრიეს დამონტაჟებული რკინის ჯებირი, რის შემდეგაც პარლამენტის შიგნით მყოფმა სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენა.

საქართველოს ხელისუფლება ზედიზედ ორი დღეა რუსთაველზე შლის აქციას, სადაც საქართველოს მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, გაზი და წყლის ჭავლი. სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, მოქალაქეები ბრუნდებიან აქციის ლოკაციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი