ახალი ამბები

მადლობა სერგეენკოს და ჩაჩიბაიას პრინციპულობისთვის – ხაზარაძე

9 მარტი, 2023 • 1799
მადლობა სერგეენკოს და ჩაჩიბაიას პრინციპულობისთვის – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მადლობას უხდის დავით სერგეენკოსა და ვლადიმერ ჩაჩიბიას იმისთვის, რომ რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ჩაჩიბაია და სერგეენკო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ის გამონაკლისები არიან, რომელთაც 7 მარტს რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სერგეენკოს და ჩაჩიბაიას პრინციპულობისთვის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ ვინმე სწორ რამეს აკეთებს ამ ქვეყანაში, იმას უნდა ვუთხრათ, რომ სწორია და მართალია. შავი და თეთრი არ არსებობს, არსებობს სწორი პოზიცია და არ აქვს მნიშვნელობა, დღეს ვინ რომელი პარტიიდან გააჟღერებს ამ სწორ პოზიციას“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ.


7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისგან. ოთხივე მათგანი სხდომას დაესწრო, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ეს დეპუტატები არიან:

1. დავით სერგეენკო – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
2. ვლადიმერ ჩაჩიბაია –  არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
3. ქეთევან დუმბაძე – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში

თუმცა, მოგვიანებით,  პროსახელისუფლებო Post TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ირაკლი მეძმარიაშვილიც და ქეთევან დუმბაძეც აცხადებენ, რომ  რეალურად მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი