ახალი ამბები

მხოლოდ ხელი შეუწყო პოლარიზაციის გაზრდას – PACE-ს თანამომხსენებლები რუსულ კანონზე

8 მარტი, 2023 • 680
მხოლოდ ხელი შეუწყო პოლარიზაციის გაზრდას – PACE-ს თანამომხსენებლები რუსულ კანონზე

რუსული კანოპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმიანებიან  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ.

საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი, ამჟამინდელი სახით, მნიშვნელოვან შეშფოთებას ბადებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის კუთხით.

„გუშინ მისმა ნაჩქარევად მიღებამ, ყველა შესაბამის მხარესთან დიალოგისა და ჯეროვანი კონსულტაციების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებისა და პოლარიზაციის გაზრდას. ის, როგორც ასეთი, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციას“, – განაცხადეს მათ.

თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნეს მიღებული ევროპის საბჭოს იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის, ვენეციის კომისიის სათანადო შეფასების გარეშე.

აგრეთვე, დასძინეს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის ნებისმიერი შენიშვნა და რეკომენდაცია სრულად უნდა გაიზიაროს არა მხოლოდ წერილობით, არამედ, სულისკვეთების მხრივაც.

„ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, განიხილოს ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება“ ,- დასძინეს მათ.

თანამომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. მათ აგრეთვე მოუწოდეს მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

თანამომხსენებლები თბილისში ვიზიტს  27-29 მარტს გეგმავენ.


7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს

მასალების გადაბეჭდვის წესი