ახალი ამბები

ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძეა დაზიანებული – ომბუდსმენი

8 მარტი, 2023 • 1199
ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძეა დაზიანებული – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ 7 მარტს აქციაზე დაკავებულთა შორის, ვინც მან მოინახულა, ყველაზე მძიმე დაზიანებები „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აქვს.

დღეს, 8 მარტს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები მოინახულეს.

„სახალხო დამცველი პირადად შეხვდა და ესაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ 25 მოქალაქეს. ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა მოძრაობის გართულება, თუმცა ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულთა ნაწილს არ ჰყავს ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატი მათ ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და კომუნიკაციაში ეხმარება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

გუშინ, 7 მარტს, აქციაზე დაკავებული „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას ფიზიკური დაზიანებები აქვს და სამედიცინო შემოწმება ესაჭიროება.

ზურაბ ჯაფარიძის ძმის, გია ჯაფარიძის თქმით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავზე მიყენებული აქვს ხელკეტით.

ზურაბ ჯაფარიძის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ნაცემია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კიდევ ერთი წევრი, ნიკა მოსიაშვილიც. განცხადების თანახმად, ჯაფარიძესაც და მოსიაშვილსაც ურტყეს წიხლები და ხელკეტები.


საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს საპარლემენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რუსულ კანონპროექტს, რომელიც 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს. 7 მარტს მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ  წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი