ახალი ამბებიკომენტარი

საბედნიეროდ, კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენი ევროპული არჩევანი — აწსუს რექტორი

7 მარტი, 2023 • 3765
საბედნიეროდ, კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენი ევროპული არჩევანი — აწსუს რექტორი

„ჩვენ, საბედნიეროდ, კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენი ევროპული არჩევანი. არა მგონია, რომ ვინმეს ეს არჩევანი ეჭვქვეშ ჰქონდეს და არა მგონია, ვინმემ ამ არჩევანს სხვანაირად შეხედოს. კონსტიტუციაში რაც გვიწერია, იმაზე დიდი რა შეიძლება იყოს, მითხარი“, — ასე აფასებს „ნეტგაზეთთან“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე რუსულ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს.

„ჩემთვის პირველი საფიქრალი ყოველთვის არის ეს ქვეყანა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩემი სტუდენტი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა უმაღლესი სასწავლებლის იქნება, ქვეყნისთვის, მათი განათლებისთვის, ყველანაირი ხელშეწყობა და აბსოლუტური წინსვლა მინდა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ შალვა კირთაძემ.

ის მიიჩნევს, რომ რადგან კანონის მიღებას საკმაოდ დიდი პროცედურების გავლა სჭირდება, საბოლოოდ კანონმდებლები მას არ მიიღებენ.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება. დღეს, 7 მარტს კი სესიაზე გაიტანა განსახილველად.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი