კომენტარი

“ამ კანონის მიღება ქვეყნის და ერის ღალატია” – ნანა ჯორჯაძე

7 მარტი, 2023 • 1371
“ამ კანონის მიღება ქვეყნის და ერის ღალატია” – ნანა ჯორჯაძე

“ამ კანონის მიღება ჩვენი ქვეყნის და ერის ღალატია. ეს არის რუსეთში მიღებული სამარცხვინო კანონის ანალოგი, რომელიც მიმართულია განვითარების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს სამოქალაქო თავისუფლების ჩახშობას“, – ასე ეხმაურება “ნეტგაზეთთან” კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს.

„მას არავითარი კავშირი არ აქვს ფინანსურ გამჭვირვალობასთან, რაც ისედაც მრავალი კანონით კონტროლდება. ეს კანონი ჩვენ გვაშორებს მსოფლიო ცივილიზაციას და რუსეთის ჭაობში გვექაჩება.

რადგან ეს კანონი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის მომავალს ეხება, ახლა გაჩუმების დრო არ არის.

ყველამ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ დამღუპველი კანონის წინააღმდეგ“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნანა ჯორჯაძემ.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი