ახალი ამბები

მორგოშია: არამხოლოდ გავლენის აგენტებად გამოცხადება, საჭიროა მათი დახურვა

7 მარტი, 2023 • 944
მორგოშია: არამხოლოდ გავლენის აგენტებად გამოცხადება, საჭიროა მათი დახურვა

პრორუსული ტელეკომპანიის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ “გავლენის აგენტებად” გამოცხადება, არამედ მათი დახურვა და აკრძალვა.

მორგოშია მიესალმება რუსულ კანონს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები აგენტებად უნდა გამოცხადდნენ.

“კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სწორი და მისაღებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს კანონი არ და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის სრულ ნებას. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არ გახლავთ ამ ადამიანების მხოლოდ “გავლენის აგენტებად” გამოცხადება, ეს ყველასთვის ისედაც ცხადი და გასაგებია. საჭიროა ამ აგენტურისთვის უშუალოდ “საქმიანობაში” ხელის შეშლა, მათი დახურვა და აკრძალვა…”, – აცხადებს მორგოშია.

რაც შეეხება თავად „ალტ-ინფოს“, ჯერ კიდევ 20 თებერვალს ნეტგაზეთს მორგოშიამ უთხრა, რომ ტელეარხს ეს კანონპროექტი არ შეეხებოდა.

“არაფერს, ერთ თეთრსაც კი [არ ვიღებთ უცხოეთიდან]”, — ამატებს მორგოშია, რომელიც მართალია, საქართველოს მოქალაქეა, თუმცა 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავიდა და იქ გაარძელა ცხოვრება და საქმიანობა.

რას წარმოადგენენ “ალტ-ინფო” და მისი პარტია

ტელეკომპანია “ალტ-ინფო”, რომელიც თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, მედიამონიტორების შეფასებით, “ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა”. ის პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს რუსეთის ომზეც უკრაინაში.

სწორედ “ალტ-ინფოს” ორგანიზებით ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, რომლის დროსაც რადიკალებმა სცემეს და ტექნიკა დაუმტვირეს ჟურნალისტებს, ასევე, დაარბიეს აქტივისტთა ოფისები და “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტთან.

აქციის მიმდინარეობისას ნაცემთა შორის იყო ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

2021 წლის ბოლოს “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნეს. პარტიაში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ რუსეთთან “პარტნიორული ურთიერთობებისთვის”.

2022 წლის ოქტომბერში “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები რუსეთში ჩავიდნენ “ევრაზიული კავშირის” ფორუმზე დასასწრებად, მანამდე კი რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია გაიმართა “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი