საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაძლიერებული დაცვით, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
ბიუროს სხდომაზე დღეს, 7 მარტს უნდა დაამტკიცონ რუსული კანონპროექტების სესიაზე განხილვის დღის წესრიგი. სესია 9 მარტსაა დაგეგმილი.
ბიუროს ოთახის მიმდებარე ტერიტორია ჩახერგილი აქვთ დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. ბიუროს ოთახთან არ უშვებენ ჟურნალისტებსა და იმ დეპუტატებს, რომლებიც არ არიან ბიუროს წევრები.
პარლამენტს გარეთ, შესასვლელთან, ასობით მოქალაქეა შეკრებილი. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღონ რუსული კანონი და არ დაუშვან ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის დაკარგვა, რის შესახებაც დასავლელი პარტნიორები ღიად აფრთხილებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
კვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.
მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.
კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.