საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ტრიბუნიდანაც გააკრიტიკა რუსული კანონები, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს სამოქალაქო სექტორისა და მედიის შესაზღუდად.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში მსჯელობდნენ ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე.

„ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.

ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს [ და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.

აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო“, — თქვა პრეზიდენტმა გაეროში 6 მარტს სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში, გაეროს შტაბბინაში ვიზიტამდე განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში, ის ვეტოს დაადებს აღნიშულ კანონს.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.