2025 წელი საქართველოსთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მძიმე გამოწვევად იქცა. ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ.

ნეტგაზეთი ევროკავშირის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება, სრულად და უცვლელად გთავაზობთ. საქართველოს შესახებ მიმოხილვა 5 თავად არის დაყოფილი.

ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული მდგომარეობა

ადამიანის უფლებები [საქართველოში] მკაცრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, აგრეთვე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს.

2025 წელს ფართოდ იყო გავრცელებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ზოგ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდებოდა. არცერთი დამნაშავე არ მიცემულა პასუხისგებაში, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის გარემოს ჩამოყალიბებას.

თვითნებური დაკავებების, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენებისა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელის გამოტანის შემთხვევები აჩენს შეშფოთებას სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით.

დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დემონსტრაციებში მონაწილე ქალების მიმართ ფიზიკური თავდასხმის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ან სიკვდილის მუქარის შემთხვევები. ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის ცვლილებებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის) აქტმა და საკანონმდებლო პაკეტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე. ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და თვითნებური დაკავებების შესახებ.

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გაატარა რეპრესიული ზომები, რაც სერიოზულად ძირს უთხრის დემოკრატიულ გადაწყვეტილებების მიღებასა და პროცესებს და ფაქტობრივად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და ხელისუფლების დანაწილების (შეკავებისა და გაწონასწორების) სისტემა.

სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვით, ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენა როგორც რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, რათა ორგანიზაციებს ჩამოერთვათ არსებითი ფინანსური რესურსები და ჩაეხშოთ განსხვავებული აზრი. სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული ხმები ასევე აღმოჩნდნენ დაშინების წინაშე, რა დროსაც მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა უფრო გახშირდა. პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან მმართველი პარტია ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას. პოლიტიკურად მოტივირებული დევნა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს.

საქართველომ დაიკავა 114-ე ადგილი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2025 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 52-ე ადგილი 2025 წლის მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) კანონის უზენაესობის ინდექსში, 56-ე ადგილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში და მიიღო 34/100 ქულა CIVICUS Monitor-ზე, რაც რეპრესირებულ სამოქალაქო სივრცეზე მიუთითებს.

ევროკავშირის ქმედებები

 ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლა, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა, მიეღო დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპებისა და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეთა ადამიანის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები.

ეს მოწოდებები ასევე გაიმეორა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ 2025 წლის დეკემბერში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ.

ევროკავშირი აგრძელებდა ვიზალიბერალიზაციის ნიშნულებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას. 2025 წლის დეკემბერში კომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ კიდევ უფრო განიცადა უკუსვლა მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში და აგრძელებს ამ ნიშნულების დარღვევას. კომისიამ ახალი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში დაიწყო პროცედურა დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შეჩერების მიზნით.

ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა

 2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო გამოიწვია წინასწარი გაწევრიანების პროცესის შეჩერება. 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ შემდგარა საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო. ევროკავშირმა განაგრძო ორმხრივი კონტაქტების დონის დაქვეითება. ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგი 2023 წლის ივნისის შემდეგ არ გამართულა.

ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა

დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების შედეგად, 2025 წელს ევროკავშირმა განაგრძო საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირ განკუთვნილი ფინანსური დახმარების შეჩერება. სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, 2024 წლის ოქტომბრიდან NDICI ორმხრივი და თემატური დაფინანსების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის გამოიყო 24 მილიონი ევრო.

მიმდინარე მხარდაჭერა ფოკუსირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზნობრივ დახმარებაზე, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაზე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ბავშვთა, ლგბტი (LGBTI) პირთა უფლებებზე, ნდობის აღდგენაზე, ასევე დეზინფორმაციასთან, უცხოურ ჩარევასა და მანიპულაციასთან ბრძოლაზე. ევროკავშირმა განაგრძო სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ომბუდსმენის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის უფლებადამცველები, ასევე სარგებლობენ გაზრდილი მხარდაჭერით რეგიონული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის“ მეშვეობით, რისთვისაც 2025-2027 წლებისთვის 10 მილიონი ევროა გამოყოფილი, და ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი რეგიონული პროგრამებიდან.

გაგრძელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG III) შემცირებული აქტივობებით, რომლებიც ძირითადად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო ფოკუსირებული. საქართველო განაგრძობდა სარგებლობას ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტით, რომელსაც ახორციელებს „მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია“ (CEPEJ) და რომელიც მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო მართვის მოდერნიზაციას.

მრავალმხრივი კონტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება არაადეკვატურია და ამჟამად მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ 45 საქმე იმყოფება.

საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვება.

გარდა ამისა, საქართველომ ვერ გაითვალისწინა ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) წინა არჩევნების ვერცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.

საქართველო დარჩა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) არჩეულ წევრად 2025 წლის ბოლომდე. ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურმა პროცედურებმა მოუწოდეს საქართველოს, გამოიძიოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ზოგადად შენარჩუნებულია კარგი თანამშრომლობა, საქართველო არ შეუერთდა ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას.