ახალი ამბებიკომენტარი

„არ მოგვწონს, არ მიიღოთ, მორჩა!“ — მოქალაქე თემურ ჭყონია პარლამენტს მიმართავს

6 მარტი, 2023 • 3311
„არ მოგვწონს, არ მიიღოთ, მორჩა!“ — მოქალაქე თემურ ჭყონია პარლამენტს მიმართავს

„არ არის აუცილებელი, ადამიანს ამ მომენტში ჰქონდეს ცენზი, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია ამ კანონის გარშემო, ჰქონდეს სწორი შეფასება, რომ არ მოგვწონს, არ მიიღოთ, მორჩა!“ — უთხრა „ნეტგაზეთს“ თემურ ჭყონიამ.

ის კომენტარზე იმ პირობით დაგვთანხმდა, თუკი არ გავუსვამდით ხაზს მის საქმიანობას, რადგან მიიჩნევს, რომ ახლა, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის ხმა გაიგონოს ხელისუფლებამ.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს მოქალაქე თემურ ჭყონიასთან.

პარლამენტი აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომელიც  საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს.  რას ფიქრობს ამ კანონპროექტზე მოქალაქე თემურ ჭყონია?

ორი საკითხია. პირველი: მიმაჩნია, რომ  საქართველოში კომუნისტურ პარტიაში ნამყოფი ადამიანების პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აიკრძალოს. არ მაქვს მხედველობაში ბიზნესი, მეცნიერება, სპორტი და ა.შ. კომუნისტურ პარტიაში ერთხელ ნამყოფი ადამიანისთვის, რომელიც რუსულ სისტემაშია გაზრდილი და ჩამოყალიბებული მენტალურად, მისთვის პოლიტიკური საქმიანობა უნდა იყოს აკრძალული. არავითარი პარლამენტის წევრობა, არავითარი პოლიტიკური თანამდებობა. შეიძლება იყვნენ მოადგილეები, რაღაც მსგავსი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წინამძღოლები.

კომუნისტურ, რუსულ მენტალიტეტში გაზრდილი ადამიანები, [რომ გვმართავენ] ეს არის ზუსტად მაგის ბრალი. ის ადამიანები, რომლებიც განცხადება აკეთებენ ხშირად, არიან კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრები და მაგათგან სხვას რას უნდა ველოდოთ?

რაც შეეხება ამ კანონს, მის გარშემო ჩამოყალიბებულია საზოგადოებრივი აზრი. ეს არის საელჩოები, ევროკავშირის 27 ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, ცნობილი კონგრესმენები, პოლიტიკოსები, გავლენიანი ადამიანები, ცნობილი თავისი ცოდნით, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით… ამ ხალხის აზრით ეს კანონი არის ბოლშევიკური, რუსული მენტალიტეტით გაჟღენთილი.

შესაძლებელია პუნქტები განსხვავდებოდეს, რაც არ არის საინტერესო, აქ  სულისკვეთება არის ბოლშევიკური, რუსული სულისკვეთება.

ჰგავს კანონი თუ არ ჰგავს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსობრივად და მენტალურად  არის რუსული.

ამასობაში ეს ხალხი, რომელთა ხელშეწყობითაც ჩვენ გვინდა მივიღოთ ევროპის კანდიდატის სტატუსი, გვეუბნება ნათლად, გაგებით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის საუბრების გარეშე, ამ კანონის მიღება შეაფერხებს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ეს კანონი შეზღუდავს საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას სხვადასხვა ქვეყანაში. შეზღუდავს კი არა, შეიძლება, შეაფერხოს.

ეს კანონი ანგრევს ქვეყნის იმიჯს. ამ კანონის მიღება ისეთი ფორმით ხდება, ისეთი უწესობით, არაპოლიტიკურად, ქუჩური გარჩევებით, შეურაცხყოფით, ჯიბრით. აი, ჯიბრია, ერთმა უნდა მოუგოს მეორეს. ამ დროს ზარალდება ქვეყანა იმის გამო, რომ უნდათ, გაიტანონ… რადგან თქვეს, უნდა გაიტანონ.

ეს არის კატასტროფული, დაბალი დონის პოლიტიკური აზროვნება. როცა პოლიტიკოსი არ მიდის კომპრომისზე და არ ითვალისწინებს ქვეყნის იმიჯს, რომელსაც კარნახობენ ელჩები, წარმომადგენლები, განმეორება გამომდის, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებმაც შექმნეს თავისი ქვეყნის ფუნდამენტალური კანონმდებლობა და არაჩეულებრივი ბიზნესგარემო, შექმნეს ის სახელმწიფოები, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით და რომლის წევრიც  გვინდა ჩვენ გავხდეთ, ცივილიზებული სამყაროსი, ეს ხალხი გვეუბნება არას.

ქართველი საზოგადოების, ხალხის იმედი მაქვს, რომ უმეტესობა მხარს არ დაუჭერს ამ კანონს,  გამოხატავს პროტესტს.

ეს კანონი თუ მიიღეს, [ემუქრება] მომავალს.

მომავალი ვინ არის? ჩვენი სტუდენტობა. მომავალ თაობასაც უქმნიან უშველებელ პრობლემებს.

ეს კანონი არის პრობლემური და რატომ უნდა მივიღოთ პრობლემური კანონი, რომელიც აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებას? რატომ უნდა მივიღოთ, რა აუცილებელია ასეთი ჯიბრი? ასეთი ჯინიანობა? ასეთი უწესო ფორმებით ბრძოლა, რომ მიიღონ მაინცდამაინც ეს კანონი.

აღელვებული ვარ და ცოტა შეურაცხყოფილი. დღეს მთელი დღეა ამ თემას ვადევნებ თვალს. რადგან ჩვენ აზრს არ ითვალისწინებენ, მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.

როგორ დააზარალებს ამ კანონის მიღება საქართველოს მოქალაქეებს, როგორ აისახება რიგით ადამიანებზე? 

მთელი მსოფლიოს საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსები გვირჩევენ, რომ არ მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ შეაფერხებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ევროკავშირის სტატუსის მიღება არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, თითოეული ადამიანის განვითარებისათვის. ეს არ ნიშნავს ევროპაში სიარულს. ევროპა უნდა ჩამოვიყვანოთ საქართველოში იმ კანონებით და იმ წესებით, რომ ქვეყანა დადგეს სწორ გზაზე, ეკონომიურად იყოს მდიდარი და განათლებული.

გამოსავალს რაში ხედავთ? როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს საზოგადოება ამ კანონს? როგორ უნდა აიძულოს კანონმდებლები, რომ მხარი არ დაუჭირონ?

მოქალაქეებმა, მთელმა საქართველომ უნდა დავუმტკიცოთ იმ ვაიპოლიტიკოსების ჯგუფს, რომ ქვეყანა არ ეთანხმება მათ მიღებულ კანონებს. არ ეთანხმება.  ეს არის მთავარი, რომ მათ იგრძნონ. მათი [დეპუტატების] მიღებული კანონი უნდა მოქმედებდეს ხალხისთვის, ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის და არა — შუღლის ჩამოგდებაზე, ჯიბრზე და მტრობაზე, რაზეც ახლა მთელი საქართველო დგას. წარმოგიდგენიათ, რა ხდება ქვეყანაში? საშინელებაა!

 

მასალების გადაბეჭდვის წესი