ახალი ამბები

არ ვზოგავთ ძალისხმევას, რათა დავარწმუნოთ, არ მიიღონ ეს კანონპროექტი — დეგნანი რუსულ კანონზე

6 მარტი, 2023 • 528
არ ვზოგავთ ძალისხმევას, რათა დავარწმუნოთ, არ მიიღონ ეს კანონპროექტი — დეგნანი რუსულ კანონზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საელჩო არ ზოგავს ძალისხმევას, რათა დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება, არ მიიღოს რუსული კანონპროექტი. ამის შესახებ დეგნანმა დღეს, 6 მარტს განაცხადა.

„ჩვენ არ ვზოგავთ ძალებს, რათა დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონპროექტი. აშშ-მა, გაერომ, ევროკავშირის საბჭომ და საქართველოს სხვა მეგობრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, ჩაახშობს დამოუკიდებელი მედიის ხმას ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში“, — ამბობს დეგნანი.

იგი მოუწოდებს პარლამენტს, გადაიფიქროს კანონპროექტის მიღება, რადგან ის არ არის აუცილებელი — „ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო იღებს“.

დეგნანის თქმით, კანონს დამანგრეველი ეფექტი ექნება და ამ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას გამოიწვევს, რომელიც ისევ საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს.

„ის [კანონპროექტი]არ არის აუცილებელი და არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესს“, — მიიჩნევს ელჩი. 


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო და უკვე საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი