დღეს, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი უნდა განიხილოს, ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მხოლოდ აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები შეძლებდნენ და შენობაში შესვლას ვერ მოახერხებდნენ ისინი, ვისზეც ერთჯერადი საშვი იყო დაშვებული. მიუხედავად ამისა, წინა სხდომის მსგავსად, ჟურნალისტებს არც ამჯერად უშვებენ კომიტეტის დარბაზში.

ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ
უმრავლესობის დეპუტატები კი, რომლებიც სხდომაზე დასწრებას აპირებენ, მეორე შესასვლელით სარგებლობენ, რომელთან მიახლოების შესაძლებლობას ჟურნალისტებს პარლამენტის დაცვის სამსახური არ აძლევს.
პარლამენტის შენობაში შესულ პირებს დაცვის თანამშრომლებმა ასევე დაატოვებინეს მაისურები, რომლებზეც 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლები იყვნენ გამოსახული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტის გარეთ დაგეგმილია აქცია, მოქალაქეები შენობის შესასვლელებთან იკრიბებიან.
პარლამენტის შენობასთან დილას მისულ მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ გაკრული დახვდათ ოპოზიციონერი დეპუტატების, აქტივისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი პოსტერები, წარწერით „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“ და „უსამშობლო მოღალატეები“.