საზოგადოება

პარლამენტთან აქციაა, ჟურნალისტებს სხდომაზე ისევ არ უშვებენ — რუსული კანონის განხილვა

6 მარტი, 2023 • 1198
პარლამენტთან აქციაა, ჟურნალისტებს სხდომაზე ისევ არ უშვებენ — რუსული კანონის განხილვა

დღეს, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი უნდა განიხილოს, ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მხოლოდ აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები შეძლებდნენ და შენობაში შესვლას ვერ მოახერხებდნენ ისინი, ვისზეც ერთჯერადი საშვი იყო დაშვებული. მიუხედავად ამისა, წინა სხდომის მსგავსად, ჟურნალისტებს არც ამჯერად უშვებენ კომიტეტის დარბაზში.

ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

უმრავლესობის დეპუტატები კი, რომლებიც სხდომაზე დასწრებას აპირებენ, მეორე შესასვლელით სარგებლობენ, რომელთან მიახლოების შესაძლებლობას ჟურნალისტებს პარლამენტის დაცვის სამსახური არ აძლევს.

პარლამენტის შენობაში შესულ პირებს დაცვის თანამშრომლებმა ასევე დაატოვებინეს მაისურები, რომლებზეც 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლები იყვნენ გამოსახული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტის გარეთ დაგეგმილია აქცია, მოქალაქეები შენობის შესასვლელებთან იკრიბებიან.

პარლამენტის შენობასთან დილას მისულ მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ გაკრული დახვდათ ოპოზიციონერი დეპუტატების, აქტივისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი პოსტერები, წარწერით „ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“ და „უსამშობლო მოღალატეები“.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი