ახალი ამბები

არა რუსულ კანონს! – მოქალაქეების კომენტარები მთავრობის პოსტზე EU-ს განაცხადის შესახებ

3 მარტი, 2023 • 1107
არა რუსულ კანონს! – მოქალაქეების კომენტარები მთავრობის პოსტზე EU-ს განაცხადის შესახებ

საქართველოს მთავრობის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას ეხება. ამ განცხადების ქვემოთ ასობით მოქალაქე მოუწოდებს მთავრობას, არ მიიღოს რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

„2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს.

ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; სულ მალე ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას. განვლილ ერთ წელში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს; გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციონალურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის. მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენს გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე“, – წერია განცხადებაში.

განცხადების ქვემოთ ასობით კომენტარია, მოქალაქეები წერენ – „არა რუსულ კანონს!“.


გუშინ, 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტებს პრინციპების დონეზე უჭერენ მხარს, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.

კომიტეტის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სხდომაზე არ უშვებდნენ.ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პარლამენტში აკრედიტებული რამდენიმე ჟურნალისტი ასევე ძალის გამოყენებით გამოაძევეს პარლამენტის ეზოდანაც. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და შემდგომ, ხელწერილის საფუძველზე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

რაც შეეხება თავად კომიტეტს, სხდომა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, თუმცა შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე, ჯონდი ბაღათურია, თამარ ჩიბურდანიძე და „ხალხის ძალის“ აქტივისტები. თუმცა ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი, რომელმაც მიმართა პარლამენტს, სხდომაზე დაშვებულია.

კანონის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი