„ეს კანონი პირდაპირ არის ინსპირირებული რუსული პრაქტიკით – “ინოაგენტების” კანონის გამო რუსეთიდან გავიდა ყველა საერთაშორისო არასამთავრობო და დონორი ორგანიზაცია, დაიხურა გაეროს სააგენტოები, რუსეთი დატოვა ბიბისის, რადიო თავისუფლების და სხა საერთაშორისო მედიების ბიუროებმა. ეს ბედი გველის ჩვენც“, – ასე აფასებს „ჯიპას“ ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის მკვლევარი თინათინ სტამბოლიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, კანონის მიღებით გამჭვირვალობაზე აპელირება არის სრული ფარსი.
„პროექტის განხორციელებისას არასამთავრობო ორგანიზაციას სპეციალურად აქვთ გაწერილი თანხა პროექტის მიზნების წარმოსაჩენად – კამპანიის, კონცეფერენციის ან სხვა აქტივობის სახით. ანუ დონორები პირიქით, დიდ ფულს ხარჯავენ სწორედ გამჭვირვალეობასა და საჯაროობაზე. უფრო მეტიც, მათი მიზნები და პრიორიტეტები, თუ რა მიმართულების დაფინანსებას აპირებენ, წინასწარ არის მთავრობასთან შეთანხმებული. ვერ დაასახელებენ ვერც ერთს, რომლის შესახებ წინასწარ არ იციან, რომ ის ხორციელდება.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ „დახლს ქვემოთ“ არანაირი თანხა არ გაიცემა ევროკავშირის, აშშ-ის ან იაპონიის, სხვა მეგობარი ქვეყნების – სააგენტოების მიერ და ეს არის აქ არასამთავრობო და სამთავრობო გარე დაფინანსების 100%. მართლაც მტრული გავლენის მთავარი აქტორის – რუსეთის დაფინანსებული ორგანიზაციები აქ არ მოხვდებიან.
თუ სურთ ერთიანი სივრცე, სადაც ყველა პროექტს დაინახავენ, ასეთი არსებობს და ძალიან ბევრი, რომლის შექმნაშიც თავად დონორებმა დახარჯეს ფული, რომ უფრო მეტი გაიგოს საზოგადოებამ არასამთავრობოების საქმიანობის შესახებ“, – ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება კანონს მიიღებს, დახმარების და მხარდაჭერის გარეშე დარჩება ასიათასობით ფერმერი, ქალი, შშმ პირი, მცირე მეწარმე და სტუდენტი.
„საზოგადოების ყველა ფენას დაეტყობა ეს, თავი რომ გავანებოთ თავისუფალი აზრის დევნას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთს საერთოდ არ სჭირდება საქართველოში ტანკების შემოყვანა – მსგავსი კანონებით და შეზღუდვებით მოიპოვებს ყველაფერს. ერთი ტყვიაც არ გავარდება საქართველოს სრულად დასამორჩილებლად, ისედაც მიიღებენ სანუკვარ მიზანს – ჩვენი დატოვება მათ ორბიტაზე.
სხვა არაფერი სურთ, რატომ დაგიპირისპირდნენ, თუ აქ იტყვი, რომ დიახ, აგრესორი რუსეთი კი არა – საქართველოა (2008 წლის ომში), უკრაინაა, ევროპაა. რომ რუსეთი კი არ კლავს, არამედ დასავლეთი. დასავლეთს შენი კეთილდღეობა კი არ უნდა, ომი უნდა და შენი გაქრობა. ამის საწინააღმედგო აზრი კი „უცხო ქვეყნის გავლენად“ გამოცხადდება – მოღალატეობრივად გამოცხადდება.
ეს სრული კატასტროფაა. ამას მოჰყვება კანონი ფეიკების [დეზინფორმაციის] შესახებ – უკვე ამზადებენ, როგორც გავიგე. ეს ნიშნავს, ამ „არასასურველ“ ორგანიზაციებთან ერთად იარსებებს „არასასურველი სიტყვების და თვალსაზრისების“ რეესტრი. მისი გახმიანება დასჯადი გახდება.
რუსეთში, მაგალითად, კრიმინალია სიტყვა „ომის“ ხმარება, რუსული ჯარის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება შენს სოცქსელში – ამისთვის ხალხს იჭერენ. ათასობით მოქალაქე ზის უკვე ციხეში ე.წ. „ფეიკების“ კანონის დარღვევის გამო.
სწორედ ამ გზას დავადექით – დეგრადაციის, დასავლეთიდან და ცივილიზაციისგან სრული იზოლაციის გზას.
მივმართავდი ყველა იმ პარლამენტარს, პოლიტიკოსს და ექსპერტს, რომელიც მხარს უჭერს ამ კანონს – ეს შეძლებული და უზრუნველყოფილი ხალხია. აქვთ საშუალება, ისწავლონ, იმოგზაურონ და თუ სჭრიდებათ, იმკურნალონ ევროპაში, ამერიკაში.
რატომღაც არ მიმართავენ ტაგანროგის ან როსტოვის კლინიკებს და უნივერსიტეტებს, არ ელტვიან, ომსკის ან ვლადივასტოკის სანახაობებით დატკბნენ.
ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე არ იფიქრონ, თავის შვილებზე იფიქრონ, რომლებსაც ართმევენ ამ შესაძლებლობას, იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში და ცივიზილებული მსოფლიოს სიკეთეებით ისარგებლონ“, – ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.