ახალი ამბები

ყაველაშვილის თქმით, ევროკავშირი თვითმიზანი არ არის — საპირისპირო წერია კონსტიტუციაში

2 მარტი, 2023 • 2079
ყაველაშვილის თქმით, ევროკავშირი თვითმიზანი არ არის — საპირისპირო წერია კონსტიტუციაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის, თუმცა საპირისპირო ჩანაწერია საქართველოს კონსტიტუციაში.

ამის შესახებ მან რუსულ კანონპროქტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები კრიტიკულად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ მას პარლამენტი არ მიიღებს.

ყაველაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა და მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

“ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის. ევროკავშირი მე იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული, მე ვერავინ უნდა მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები.

რა არის ეს, გამაგებინეთ. ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულებაა.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კაშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი