ახალი ამბები

დაუჭერს თუ არა მხარს „ოცნება“ იოსელიანს ომბუდსმენის პოსტზე

28 თებერვალი, 2023 • 781
დაუჭერს თუ არა მხარს „ოცნება“ იოსელიანს ომბუდსმენის პოსტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს, დაუჭერენ თუ არა მხარს ლევან იოსელიანის კანდიდატურას სახალხო დამცველის თანამდებობაზე:

„განვიხილავთ ამას უმრავლესობაში. უმრავლესობა არის დაინტერესებული, რომ პარლამენტმა შეძლოს სახალხო დამცველის არჩევა. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია. ვინაიდან ოპოზიციის მხარდაჭერაა საჭირო, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდით ისეთი ფორმატი შეგვეთავაზებინა, სადაც ისინიც იგრძნობდნენ თავს, რომ არიან მონაწილეები“, — ამბობს პაპუაშვილი.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 28 თებერვალს განაცხადა. ელისაშვილის თქმით, იოსელიანი ის კანდიდატია, რომელიც შეძლებს, 90-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს:

„ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს იმის უნარები, იმის ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 ხმა და უფრო მეტი მიიღოს. მე მინდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად. გარკვეული კონსულტაცია გვქონდა მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან. ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი და დაკავებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 28 თებერვალს.

2022 წლის 22 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა  ვერ მოახერხა, აერჩია ახალი სახალხო დამცველი და, შესაბამისად, ამ ეტაპზევე შეესრულებინა ევროკომისიის მე-12 რეკომენდაცია.

ომბუდსმენის მოვალეობას ნინო ლომჯარიას პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე გააგრძელებს მანამ, სანამ პარლამენტი ახალ კანდიდატზე არ შეთანხმდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს თავიდანვე შესთავაზეს 3 კანდიდატი, რომლებსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ესენი იყვნენ

  • ანა აბაშიძე,
  • ნაზი ჯანეზაშვილი,
  • გიორგი ბურჯანაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად განაცხადა, რომ მზად იყო, ემსჯელა სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანი აბაშიძისა, თუმცა შემდეგ ოპოზიციას შესთავაზა სახალხო დამცველის არჩევა 5 კანდიდატიდან, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძე ყოფილა.

„ოცნების“ შეთავაზებული 5 კანდიდატი იყო:

  • ლელა გაფრინდაშვილი
  • თინათინ ერქვანია
  • ნუგზარ კოხრეიძე
  • გიორგი მარიამიძე
  • ქეთევან ჩაჩავა.

მათ კანდიდატურებს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი