საზოგადოება

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია – რა ხდება შემდეგ

22 დეკემბერი, 2022 • 1748
პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია – რა ხდება შემდეგ

22 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა  ვერ მოახერხა, აერჩია ახალი სახალხო დამცველი და, შესაბამისად, ამ ეტაპზევე შეესრულებინა ევროკომისიის მე-12 რეკომენდაცია.

ომბუდსმენის მოვალეობას ნინო ლომჯარიას პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე გააგრძელებს მანამ, სანამ პარლამენტი ახალ კანდიდატზე არ შეთანხმდება.

რა მოხდა?

22 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 107-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. სახალხო დამცველის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო, თუმცა ამ რაოდენობით ხმა პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს.

90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ წინასწარ განაცხადა, რომ არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, ვინაიდან, მათი თქმით, ეს იყო „ფორმალური პროცედურა“, რადგან ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

„გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კონტექსტი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს თავიდანვე შესთავაზეს 3 კანდიდატი, რომლებსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ესენი იყვნენ

  • ანა აბაშიძე,
  • ნაზი ჯანეზაშვილი,
  • გიორგი ბურჯანაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად განაცხადა, რომ მზად იყო, ემსჯელა სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანი აბაშიძისა, თუმცა შემდეგ ოპოზიციას შესთავაზა სახალხო დამცველის არჩევა 5 კანდიდატიდან, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძე ყოფილა.

„ოცნების“ შეთავაზებული 5 კანდიდატი იყო:

  • ლელა გაფრინდაშვილი
  • თინათინ ერქვანია
  • ნუგზარ კოხრეიძე
  • გიორგი მარიამიძე
  • ქეთევან ჩაჩავა.

მათ კანდიდატურებს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი.

„გამიზნულად დაბლოკვა“

„ლელოს“ ფრაქციის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა „გამიზნულად დაბლოკოს პროცესი“ და „ქართული ოცნება ამით აფორმებს ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მოთხოვნის ჩაგდებას“.

ოპოზიციონერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „შეთანხმება არ შედგა, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ქვეყანას ჰყავდეს ახალი ომბუდსმენი“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა: „მომავალი წლიდან ის დათქმები აღარ არსებობს, რაც იყო ამ პროცესზე, და თავისუფლად შეგვიძლია მარტივად დავძლიოთ პროცედურული ბარიერები და ისეთი კანდიდატები მოვძებნოთ, რომელიც იქნება ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები“.

მდინარაძემ ომბუდმსენის არჩევის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა და განაცხადა, რომ ოპოზიციას „მაინცდამაინც თავისი კანდიდატი“ სურდა, როდესაც ოცნება 5 კანდიდატს სთავაზობდა მათ.

„აბაშიძეს, ბურჯანაძესა და ჯანეზაშვილს უნდა გადააყოლოთ ევრორეკომენდაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

„სიმწიფის ტესტი“

ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში ვიზიტისა და შეხვედრების შემდეგ „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე აცხადებდა, რომ ევროკავშირში არის მოლოდინი, რომ გარკვეულ საკითხებზე „საქართველო კონკრეტულ შედეგს დადებს – პირველ რიგში, ეს შეეხება ომბუდსმენის არჩევას“.

„ომბუდსმენის არჩევა არის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც სხვებთან შედარებით, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმასთან შედარებით, უფრო ადვილად შესასრულებელია“, – განუცხადა ვანო ჩხიკვაძემ 22 დეკემბერს „ნეტგაზეთს“ და ჩამოთვალა სამი საკითხი, რაც ამას განსაზღვრავს:

  1. „აქ გამოჩნდება, რამდენად არის იმის პოტენციალი, რომ დაიძლიოს პოლარიზაცია და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს თანამშრომლობა, რადგან ომბუდსმენის არჩევას ეს სჭირდება;
  2. რამდენად აქვს ხელისუფლებას სურვილი, შენარჩუნდეს ის დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც აქვს ომბუდსმენის ინსტიტუტს საქართველოში;
  3. ომბუდსმენის ინსტიტუტის გასაძლიერებლად ევროკავშირს აქვს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი გამოყოფილი მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში“.

ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს არის „სიმწიფის ტესტი“ საქართველოს ხელისუფლებისთვის.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეთანხმდა ახალ ომბუდსმენზე, შეიძლება თუ არა მე-12 რეკომენდაციის შესრულება ჩავარდნილად ჩაითვალოს, ვანო ჩხიკვაძე აცხადებს:

„მოცემულ ეტაპზე ამის შეფასება არ მოხდება, – ევროკომისია შეფასებას დაიწყებს მომავალი წლის გაზაფხულზე. თუ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, ომბუდსმენი აირჩიონ და იმედი იყოს ამისა, ბუნებრივია, შესაძლებელია, რომ რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. თუმცა თუ სიტუაცია დარჩა უცვლელი, – და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვთ, რომ დღევანდელი მდგომაროებით, რაიმე საიმედო ნაკლებად ჩანს – ეს რეკომენდაცია არ ჩაითვლება შესრულებულად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი