ახალი ამბები

“ალტ-ინფოს” პარტია ოქტომბერ-დეკემბერში შემოწირულობებით II ადგილზე იყო – TI

28 თებერვალი, 2023 •
“ალტ-ინფოს” პარტია ოქტომბერ-დეკემბერში შემოწირულობებით II ადგილზე იყო – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, გასული წლის ბოლო 3 თვეში პრორუსულ “ალტ-ინფოს” პარტიას “ქართული ოცნების” შემდეგ ყველაზე მეტი თანხა შესწირეს. ამ მონაცემების თანახმად ულტრამემარჯვენე “კონსერვატიული მოძრაობა” წინ უსწრებს “ლელოს”, “ევროპულ საქართველოს” და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი შემოწირულებები თითქმის 42-ჯერ აღემატება “ნაციონალური მოძრაობისას”.

TI-ის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ, ჯამში, 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, მათ შორის 50% კი მმართველ პარტიაზე მოდის. აღნიშნულ პერიოდში პარტიების ათეული შემოწირულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. “ქართული ოცნება” – 370 000 ლარი
  2. “კონსერვატიული მოძრაობა” – 158 098 ლარი
  3. “ლელო საქართველოსთვის” – 151 337 ლარი
  4. “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 42 255 ლარი
  5. “ევროპელი სოციალისტები” – 5 100 ლარი
  6. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 3 780 ლარი
  7. “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 3 700 ლარი
  8. “ელენე ხოშტარია – დროა” – 3 420 ლარი
  9. “საქართველოსთვის” – 2 975 ლარი
  10. “ხალხისთვის” – 1 310 ლარი

რაც შეეხება შემომწირველებს, მათი რაოდენობით პირველ ადგილზეა “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში 168 შემომწირველი ჰყავდა, მეორე ადგილზეა “ლელო”, რომელსაც ჰყავდა 14 შემომწირველი, მესამეზე კი “ევროპული საქართველო” – 13 შემომწირველით. მათ მოსდევს “ხალხისთვის” და “ნაციონალური მოძრაობა” 12-12 შემომწირველით, მეექვსე ადგილზე კი არის “ქართული ოცნება”, რომელსაც 370 000 ლარი თერთმეტმა პირმა შესწირა.

ვინ არიან ქართული ოცნების შემომწირველები

TI-ს განმარტებით, “ქართული ოცნების” დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მსხვილი ბიზნესჯგუფებია. მათ შორის, გიორგი და ჯემალ ჭყონიებს და მალხაზ დუმბაძეს, რომელთაც “ოცნებას”, ჯამში, 100 000 ლარი შესწირეს, გასულ წლებში შეწირული აქვთ 555 000 ლარი. გიორგი ჭყონია და მალხაზ დუმბაძე 2016 წლიდან ჩატარებულ ყველა არჩევნებზე სწირავდნენ თანხას ოცნებას, 2012 წელს კი “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაციისთვის 75 000 ლარი აქვთ შეწირული.

გიორგი ჭყონიას კომპანია “გზას”, სადაც დირექტორი მალხაზ დუმბაძეა, 222 მილიონი ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული და 9.5 მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიღებული. მოგებული ტენდერების თითქმის ნახევარი კი უკანასკნელ 4 თვეზე მოდის. ამასთან, TI-ს ცნობით, ამავე პერიოდში ჭყონიას სხვა კომპანიებს, კერძოდ “შატო კვირიკეს” და “ბათუმი ცენტრალს”, გამარტივებული შესყიდვით 51 112 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.

ამასთან, გიორგი ჭყონიას კომპანიებს დაფინანსება მიღებული აქვთ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებშიც, მათ შორის “აწარმოე საქართველოდან” – 153 066 ლარი, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტიდან” – 181 237 ლარი, “გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან” კი – 201 735 ლარი.

ასევე, TI-ს თანახმად, “ოცნების” კიდევ ორი შემომწირველთან – ჯონი ჯინჭარაძესთან და მარინა დეხტიარევასთან დაკავშირებული კომპანიების მიერ შექმნილი განაშენიანების გეგმა ხელვაჩაურის საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ოცნებას, ჯამში, 40 000 ლარი შესწირეს. საქმე ისარის, რომ ერთ-ერთი კომპანია, “ეიჩ გრუპ დეველოპმენტი”, რომლის დირექტორია მარინა დეხტიარევი, 5%-იანი წილის მფლობელი კი ჯონი ჯინჭარაძეა და რომლის მთავარი მეწილეები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, ბათუმთან ახლოს გეგმავს საცხოვრებელი უბნის მშენებლობას. სოფელ სალიბაურის მაღლობზე მდებარე 16 ათას კვ.მ-ის ფართობის მიწა პორტს გადაჰყურებს.

აღნიშნული უბნის განაშენიანების პროექტის დეტალური გეგმა ხელვაჩაურის საკრებულოს სწორედ მაშინ გაეგზავნა, როცა ჯონი ჯინჭარაძემ და მარინა დეხტიარევმა მმართველ პარტიას 20-20 ათასი ლარი შესწირეს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი საკრებულომ აღნიშნული გეგმა ერთხმად დაამტკიცა.

“ეს შემთხვევა შესაბამისი ორგანოების მხრიდან დეტალურ შესწავლას საჭიროებს, რათა გაქარწყლდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ შეწირული თანხა რეალურად ეკუთვნოდათ არა დეხტიარევს და ჯინჭარაძეს, არამედ მშენებელი კომპანიის მეწილე რუსეთის მოქალაქეებს, შემოწირულების მიზანი კი მშენებლობის ნებართვის მოპოვება იყო. გარდა შესაძლო კორუფციული სქემის არსებობისა, იკვეთება კანონის დარღვევის სხვა ნიშნები, კერძოდ, კანონმდებლობით აკრძალულია როგორც სხვა პირების მეშვეობით შემოწირულების გაღება, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ პარტიის დაფინანსება”, – განმარტავს TI აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

ასევე, “ქართულ ოცნებას” 4 და 6 ოქტომბერს, ჯამში, 100 000 ლარი შესწირეს გივი ლებანიძემ, დავით გალუაშვილმა და მანანა ნადირაძემ. TI-ის თანახმად, ისინი “ქართუსთან” დაკავშირებული პირები არიან. კერძოდ, გალუაშვილი “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლებანიძე — დირექტორი, ხოლო ნადირაძე — ყოფილი დირექტორი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ “ოცნებას” 28-ჯერ, ჯამში, 800 000 ლარამდე შესწირეს.

ამასთან, TI აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში, ანუ 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, მანამდე კი 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.

ასევე, “ქართული ოცნების” დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, ხოლო ადრე 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტები აქვთ მიღებული.

TI-ის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ არ გამოუყენებია სანქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი