ახალი ამბები

Wizz Air მოლდოვაში ფრენებს შეწყვეტს

28 თებერვალი, 2023 • 1001
Wizz Air მოლდოვაში ფრენებს შეწყვეტს

უნგრული Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის მიზეზად ავიაკომპანია ასახელებს უსაფრთხოების რისკებს.

“მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება”.

“მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შემდეგ, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა [დედაქალაქ] კიშინიოვში 14 მარტიდან”, — აცხადებს ავიაკომპანია.

მანამდე, თებერვლის დასაწყისში, მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტა შეიჭრა. ეს მოხდა მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მორიგი სარაკეტო იერიშის დროს.

მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, წუხს Wizz Air-ის გადაწყვეტილების გამო. მინისტრი დასძენს, რომ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შესაძლებელია გარკვეული პროცედურების დაცვით ფრენების უსაფრთხოდ შესრულება. ამავეს ამბობს მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახური BBC-სთან საუბრისას.

უკრაინაში რუსეთის ომი მოლდოვაზე არ ასახულა მხოლოდ ცალკეული სარაკეტო ინციდენტებით:

ომში მყოფი უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტის ფონზე, მოლდოვა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. ამას ემატება ინფლაცია და უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციებიც პოპულისტური და პრორუსული პარტია ȘOR-ის ორგანიზებით, რომელსაც ისრაელში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს.

უკანასკნელ კვირებში უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარე მოლდოვის ხელისუფლებაში საუბრობენ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ მიმდინარე თვეში რუსეთი დაადანაშაულა  ქვეყნის პროევროპული მთავრობის დამხობის მცდელობაში, რაც მოსკოვმა უარყო.

მეორე მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინა შეჭრას აპირებს დნესტრისპირეთში — მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც რუსი სამხედროები დგანან. მოლდოვა უარყოფს ამ ბრალდებას და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

რა ხდება დნესტრისპირეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი