ახალი ამბები

რა ხდება დნესტრისპირეთში

24 თებერვალი, 2023 • 889
რა ხდება დნესტრისპირეთში

მოლდოვის ხელისუფლებამ უარყო რუსეთის ბრალდება, რომ უკრაინა გეგმავს დნესტრისპირეთში შეჭრას და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებამ გააძლიერა მზადება დნესტრისპირეთში შეჭრისთვის, რაც საფრთხეს უქმნიდა რუს სამშვიდობოებს. უწყება აცხადებდა უკრაინის მიერ ცრუ დროშის ოპერაციის მზადებაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს  რუსულ ფორმებში გადაცმული სამხედროები დნესტრისპირეთიდან თავს დაესხმებოდნენ უკრაინას და ეს უკანასკნელი დაიწყებდა საპასუხო ოპერაციას.

კიშინიოვი, თავის მხრივ, კვირების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ რუსეთი მოლდოვის ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისი შეიქმნა. ამას ემატება ინფლაცია და უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები პოპულისტური და პრორუსული პარტია ȘOR-ის ორგანიზებით, რომელსაც ისრაელში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა, რომ რუსეთი, სერბეთის, ბელარუსისა და მონტენეგროს უცხოელი დივერსანტების დახმარებით, მოლდოვის მთავრობის დამხობის შეთქმულებას აწყობს.

დნესტრისპირეთი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, მოლდოვის აღმოსავლეთ ფლანგზე, მდინარე დნესტრსა და უკრაინის საზღვარს შორის მდებარეობს. სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამხედროები არიან განლაგებული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დნესტრისპირეთში დაფიქსირდა აფეთქებების სერია, რაშიც დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ — უკრაინა, კიევმა კი რუსეთი დაადანაშაულა.

BBC-ის ცნობით, მიმდინარე კვირის დასაწყისში პროსეპარატისტულმა სოციალურმა არხმა განაცხადა, რომ უკრაინა-მოლდოვის დამაკავშირებელ გზატკეცილზე შენიშნეს უკრაინული სამხედრო ტექნიკა, მაგრამ არადამაჯერებელ ფოტოზე ნაჩვენებია მხოლოდ რამდენიმე პატარა ჯავშანმანქანა და უკრაინის დროშა.

დნესტრისპირეთის სამშვიდობო ორგანოს ხელმძღვანელმა ოლეგ ბელიაკოვმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში პანიკა არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის გაფრთხილებები „სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლეოდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი