ახალი ამბები

რატომ უნდა შეცვალო გუნდი, რომელიც ასე კარგად მუშაობს? — დეგნანი ეროვნული ბანკის კანონზე

27 თებერვალი, 2023 • 804
რატომ უნდა შეცვალო გუნდი, რომელიც ასე კარგად მუშაობს? — დეგნანი ეროვნული ბანკის კანონზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის კრიტიკას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„აშშ ამაყობს, რომ წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკსა და მის ხელმძღვანელს, რომელიც არის პროფესიონალი, მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა ძალიან გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის გარანტიის თვალსაზრისით. დამოუკიდებლად და ეფექტურობით მართავდა ბანკს, რის შედეგადაც საქართველომ მიაღწია ეკონომიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას და მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რასაც ხანგრძლივი ზემოქმედება ექნება. ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავდა ასეთი პროფესიონალი და დამოუკიდებელი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა.

ვეთანხმები IMF-ის და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო და კითხვებს ნიშნებს ბადებს მის მიზანთან დაკავშირებით. როცა გყავს გუნდი, რომელიც ასე კარგად მუშაობს, რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა და გუნდი, რომელიც ასე ეფექტურია და მოუტანა საქართველოს ეკონომიკას სტაბილური ზრდა ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო კოვიდი, რუსული ფულის შემოდინება, და ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი“, — განაცხადა დეგნანმა.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტში. ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (ეს თანამდებობა წინა კანონში გათვალისწინებული არ ყოფილა), ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

IMF-ის შეფასებით, ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო.

პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი