ახალი ამბები

„რომელია ამ დარბაზში ისეთი, გრანტი რომ არ აუღია?“ — ელისაშვილი პარლამენტში

27 თებერვალი, 2023 • 855
„რომელია ამ დარბაზში ისეთი, გრანტი რომ არ აუღია?“ — ელისაშვილი პარლამენტში

დღეს, 27 თებერვალს, პარლამენტის ბიურომ  დაარეგისტრირა „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის კიდევ ერთი ვერსია. პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა კანონპროექტის შექმნას ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უწოდა.

კანონპროექტების ავტორები არიან საპარლამენტი უმრავლესობის წევრები, ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატები, რომლის წარმომადგენლებიც, მათ შორის, სოზარ სუბარი და ეკა სეფაშვილი, წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

მათი კანონპროექტი კი სწორედ არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვას ითვალისწინებს. ბიუროს სხდომას დღეს დეპუტატი ეკა სეფაშვილიც ესწრებოდა, რომელსაც ელისაშვილმა მიმართა:

„ამერიკის ზოგიერთ შტატში არის სიკვდილით დასჯა. ელექტროსკამზე აბამენ და კალვენ. ისიც ხომ არ გადმოვიღოთ? ე.ი. ყველაფერი უნდა ავიღოთ და გადმოვიღოთ, როგორც თქვენ ამბობთ, „ქოფი-პეისტით“?  რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის რუსული კანონი. ქვეყანაში, სადაც აშენებული ხიდი წყალს მიაქვს, სადაც მილიარდებია ჩაყრილი და ქვეყანაში, სადაც ვეტერანი კაცი ძაღლიან-ქალიან-ბავშვიანად გარეთ გამოაგდეს სახლიდან და დაულეწეს ყველაფერი, აი, ასეთ ქვეყანაში ჩვენ სხვა პრობლემა არა გვაქვს, აგენტები რომ არ ვეძახოთ იმ ხალხს?

„და რომელია ამ დარბაზში ისეთი, გრანტი რომ არ აუღია და უცხოეთიდან დაფინანსება რომ არ მიუღია? დანარჩენი ყველა აგენტია, ხომ, აგერ, შალვა პაპუაშვილის თამადობით? საერთოდ, აგენტების აგენტი იყო იმიტომ, რომ დონორი იყო, ფულს აძლევდა სხვებს, „ავერბოვკებდა“, როგორც ჩანს, იბირებდა. სირცხვილია, ქალბატონო ეკა, ეს არის რუსული კანონი.

ქვეყანაში, სადაც გაჭირვებაა, სადაც უბედურებაა, საიდანაც ხალხი გარბის, რადგან საკუთარ თავს ვერ პოულობს, იმისთვის აგვირჩია ხალხმა, რომ რუსებს რომ ვასიამოვნოთ, ის კანონი გადმოვიღოთ? რა ინფორმაცია გაინტერესებთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე ისეთი, 5 წუთში რომ ვერ შეძლებთ? რომელ ორგანიზაციებს უნდა დაარქვათ აგენტები და ჯაშუშები, იცით?  შშმ პირებზე რომ მუშაობენ, სოციალურ თემებზე, ცხოველთა დაცვაზე რომ მუშაობენ, ასეთ ხალხს გინდათ, რომ იარლიყები მიაწებოთ და ხელით მიუთითოთ? სხვა არსი, უბრალოდ, ამ კანონს არ აქვს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის რუსული კანონი, რუსების საამებლად მისაღები კანონი და უბრალოდ, სირცხვილია ამაზე რომ ვმსჯელობთ, ანტისახელმწიფოებრივი საქმეა ეს.“

აღნიშნული კანონპროექტი ბიუროს სხდომის პარალელირად გააპროტესტეს ჟურნალისტებმა. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა, რომ მათზე საშვები იყო გაცემული. მათმა ნაწილმა კი, რომლებმაც პარლამენტში შესვლა შეძლეს, ბიუროს სხდომათა დარბაზთან აქცია გამართეს. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ თაბახის ფურცლები, წარწერით „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით 60-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. ხელმომწერები აცხადებენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გაუარესებული ვერსიის წარდგენა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პირველმა ვერსიამ მედიის ნაწილისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია. ასევე, ევროკავშირმა ღიად განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით პირდაპირ დაირღვევა იმ 12 პუნქტიდან მინიმუმ 2, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი